ანდრეი ჰუნკო - საქართველოში არის რამდენიმე ათასი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდება, მე მესმის გამჭვირვალობის სურვილი
ანდრეი ჰუნკო - საქართველოში არის რამდენიმე ათასი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდება, მე მესმის გამჭვირვალობის სურვილი

საქართველოში არის რამდენიმე ათასი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც საზღვარგარეთიდან ფინანსდება, მე მესმის გამჭვირვალობის სურვილი, – ამის შესახებ გაერთიანებული ევროპელი მემარცხენეების ჯგუფის ლიდერმა, ანდრეი ჰუნკომ განაცხადა.

ჰუნკოს თქმით, მას პრობლემურად ეჩვენება საარჩევნო კანონში ცვლილებები და იმედოვნებს, რომ ასამბლეის სადამკვირვებლო მისიები საქართველოს დაეხმარება არჩევნების ობიექტურად ჩატარებაში.

„უპირველესად, მსურს, ვთქვა, რომ მაწუხებს საქართველოში განვითარებული მოვლენები. საქმე როდესაც ეხება საზოგადოების პოტენციურ პოლარიზაციას, არ ვარ დარწმუნებული, რომ გარედან ყველა ჩარევა დაეხმარება განვითარებულ მოვლენებს. მე რამდენჯერმე ვიყავი საქართველოში, როგორც საარჩევნო დამკვირვებელი. 2019 წელს მქონდა პატივი, მეხელმძღვანელა მისიისთვის, რომელიც აკვირდებოდა საპრეზიდენტო არჩევნებს. მე დავინახე, რამდენად შორს წავიდა საქართველო დემოკრატიული განვითარების კუთხით, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება საპრეზიდენტოდან საპარლამენტო სისტემაზე გადასვლას. საქართველო ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაშია, ორი რეგიონი ოკუპირებულია, რუსული ჯარები რამდენიმე კილომეტრში არიან თბილისიდან. მთავრობა ცდილობს, მისდიოს პრაგმატულ პოლიტიკას.

საქართველოში არის რამდენიმე ათასი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც საზღვარგარეთიდან ფინანსდებიან და მე მესმის გამჭვირვალობის სურვილი. მე არ ვიცი, სცდება თუ არა ეს გამჭვირვალობის სურვილებს. საარჩევნო კანონში ცვლილებებიც პრობლემურად მეჩვენება. ახლა ვფიქრობ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზეც, რომელიც, ვიმედოვნებთ, რომ მოხდება, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ამ ასამბლეის ამოცანაა, იმსჯელოს ქვეყნების ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების სურვილებზე. ეს მცდარი მიდგომაა. ასეთ მგრძნობიარე დროს სანქციებზე საუბარიც არასწორია. ვიმედოვნებ, ამ ასამბლეის დიდი საარჩევნო სადამკვირვებლო მისია დაეხმარება საქართველოს პრობლემის გადაჭრაში, რათა არჩევნები, რომელზეც მოსახლეობის სურვილი იქნება გამოხატული ოქტომბერში, იყოს დაბალანსებული, ობიექტური“, – აღნიშნა ჰუნკომ.