ანდრეი ერმაკი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება საუკეთესო საშუალებაა ომის დასასრულებლად და ევროპაში მშვიდობის უზრუნველყოფისთვის
უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება საუკეთესო საშუალებაა ომის დასასრულებლად და ევროპაში მშვიდობის უზრუნველყოფისთვის, – ამის შესახებ უკრანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა ნიდერლანდების მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინა არ შეჩერდება, ვიდრე არ გაათავისუფლებს დროებით ოკუპირებულ ყველა ტერიტორიას და ამისთვის მნიშვნელოვანია პარტნიორი ქვეყნების მხრიდან მხარდაჭერის გაგრძელება და გაძლიერება.
ერმაკის განცხადებით, უკრაინას სჭირდება შორ რადიუსზე მოქმედი რაკეტები და თანამედროვე თვითმფრინავები, რომლებიც აუცილებელია როგორც დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად, ასევე დეოკუპირებული რეგიონების დასაცავად.
ანდრეი ერმაკი აღნიშნავს, რომ ნატო-ს ვილნიუსის სამიტისგან უკრაინა ძლიერ სიგნალს ელოდება ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალთან დაკავშირებით და არა – მორიგ ჯერზე „ღია კარის“ პოლიტიკის შესახებ განცხადებების მოსმენას.
„უკრაინელმა ხალხმა გადაწყვეტილება მიიღო, ჩვენ გვსურს, ვიყოთ ნატო-ში. ახლა ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 80% მხარს უჭერს ამ მოძრაობას. უკრაინამ დაამტკიცა თავისი შესაძლებლობა, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს და დაიცვას არა მხოლოდ თავი, არამედ მთელი ევროპა. შემდგომშიც, უკვე ნატო-ს შემადგენლობაში, უკრაინა შეძლებს პარტნიორებთან ერთად ევროპული ქვეყნებისა და მსოფლიოს სხვა რეგიონების უფრო ეფექტურად დაცვას“, – აღნიშნავს ერმაკი.