ანდრეი ერმაკი - მეორე გლობალურ სამშვიდობო სამიტზე, შესაბამისი გეგმის მომზადების შემდეგ, უკრაინა მზად არის, განიხილოს რუსეთის წარმომადგენლების მოწვევა
მეორე გლობალურ სამშვიდობო სამიტზე, შესაბამისი გეგმის მომზადების შემდეგ, უკრაინა მზად არის, განიხილოს რუსეთის წარმომადგენლების მოწვევა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა უჟგოროდში უკრაინისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელებთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ მზად ვართ, ყველას მოვუსმინოთ. მაგიდასთან გვყავს არა მხოლოდ ჩვენი პარტნიორები ნატო-ს ქვეყნებიდან, ევროკავშირიდან, არამედ გლობალური სამხრეთის ქვეყნებიდანაც“, – აღნიშნა ერმაკმა.
ამასთან, ერმაკმა განაცხადა, რომ ვიდრე რუსეთთან საუბარს დაიწყებენ, საჭიროა ერთობლივი გეგმის შექმნა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, უკრაინამ იფიქროს რუსეთთან საუბარზე.
„მსურს, გავიმეორო „მშვიდობის ფორმულის“ მნიშვნელობა: პირველი შეხვედრა, პირველი სამიტი ლიდერების დონეზე – ეს არის რუსეთის მონაწილეობის გარეშე. შემდეგ ჩვენ გავხსნით შეხვედრებს, იქნება კონფერენციები, ღონისძიებები სხვადასხვა დონეზე გეგმის შესამუშავებლად. მეორე სამიტზე, როდესაც გეგმა მზად იქნება, ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ რუსეთის წარმომადგენლების მოწვევის საკითხი“, – განაცხადა ერმაკმა.
ერმაკის თქმით, ამ საუბრებში მონაწილეობის მისაღებად რუსეთს მშვიდობის პოლიტიკური ნება უნდა ჰქონდეს.
შეგახსენებთ, შვეიცარია დათანხმდა უკრაინის თხოვნას სამიტის ორგანიზების შესახებ. სამიტთან დაკავშირებით მუშაობა უკვე დაწყებულია, თუმცა ღონისძიების თარიღი და მონაწილეთა სია ჯერ არ არის შეთანხმებული.