ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ კიევში ვიზიტით მყოფ ჩინეთის დელეგაციას უკრაინაში უსაფრთხოების ვითარებისა და სხვა აქტუალური საკითხების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია
ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ კიევში ვიზიტით მყოფ ჩინეთის დელეგაციას უკრაინაში უსაფრთხოების ვითარებისა და სხვა აქტუალური საკითხების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია

კიევში ჩინეთის რეგიონული წარმომადგენელი ლი ჰუი უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი „ტელეგრამის“ არხში წერს, მან და მისმა გუნდმა ჩინეთის დელეგაციას უკრაინაში უსაფრთხოების ვითარებისა და სხვა აქტუალური საკითხების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„ჩინეთის დელეგაციას ვაჩვენეთ ჩრდილოეთ კორეის წარმოების რაკეტის ნამტვრევები და თავდასხმის სხვა საშუალებების ელემენტები, რომლებიც რუსეთს გადაეცა და უკრაინის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოიყენება. შეხვედრის დროს გავაშუქეთ რუსეთის მიერ ტყვეებისადმი მოპყრობის შესახებ ჟენევის კონვენციის უხეში დარღვევის შემთხვევები. ჩინურ მხარეს ასევე ინფორმაცია მივაწოდეთ რუსეთის მიერ უკანონოდ დაკავებული უკრაინის მოქალაქეების და გაყვანილი ბავშვების დაბრუნების მიმართულებით უკრაინის ძალისხმევის შესახებ“, – წერს ერმაკი.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი აცხადებს, ლი ჰუის დელეგაციასთან ერთად ასევე განიხილეს უკრაინის „მშვიდობის ფორმულის“ საფუძველზე უკრაინისთვის სამართლიანი მშვიდობის დამყარების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენის პერსპექტივები. უკრაინულმა მხარემ უკრაინელი ბავშვების იძულებითი დეპორტაციის შეწყვეტის, ტყვეთა გაცვლის, ზაპოროჟიეს ატომური სადგურის დემილიტარიზაციისა და დეოკუპაციის კუთხით ჩინეთის მხრიდან ხელშეწყობის შესაძლებლობის საკითხი დააყენა.

თავის მხრივ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლი ჰუის უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ჰქონდა გულწრფელი, მეგობრული მოლაპარაკებები როგორც ორმხრივ ურთიერთობებზე, ისე უკრაინის კრიზისზე.

ეს არის ჩინეთის სპეციალური წარმომადგენლის, ლი ჰუის მეორე ოფიციალური ვიზიტი ევროპის რეგიონში. გასულ კვირას ის მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა.