ანდრეას ნორლენი - მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ხალხის მიერ არჩეული სხვა პარტიის წევრები ჩვენი კოლეგები არიან და არა მტრები
ანდრეას ნორლენი - მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ხალხის მიერ არჩეული სხვა პარტიის წევრები ჩვენი კოლეგები არიან და არა მტრები

ჩვენ შეშფოთებული ვართ ქართული პოლიტიკის პოლარიზაციის გამო და ვიცი, რომ ჩემს ქართველ კოლეგას აქვს ამბიცია, ეს პოლარიზაცია შეამციროს, ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარე ანდრეას ნორლენიმ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, დემოკრატიული სახელმწიფოები ერთად იდგნენ.

„ერთიანობის შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც არსებობს გარე საფრთხე“, – აღნიშნა ბრიფინგზე შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამასთან, ანდრეას ნორლენის თქმით, შვედეთი მიესალმება საქართველოში „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს.

„ჩვენ მივესალმებით „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს. ვფიქრობ, ეს არის კარგი შესაძლებლობა, სხვადასხვა მხარეებს შორის დიალოგი შედგეს, მათ შორის პოლიტიკოსებს, სამოქალაქო სექტორსა და სხვა მხარეებს შორის. მჯერა, ჩემს კოლეგას აქვს ამის ამბიციაც.

მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ხალხის მიერ არჩეული სხვა პარტიის წევრები ჩვენი კოლეგები არიან და არა მტრები, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ და გვქონდეს დიალოგი. ეს გააძლიერებს საქართველოს ყველა პრობლემების გათვალისწინებით“, – განაცხადა შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძესთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.