ანდრეა ტომპსონი - საქართველო რჩება მნიშვნელოვან მოკავშირედ რეგიონული სტაბილურობისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით
საქართველო რჩება მნიშვნელოვან მოკავშირედ რეგიონული სტაბილურობისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით, – განაცხადა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ანდრეა ტომპსონმა.
ტომპსონმა განცხადება, თავისი ოფიციალური „ტვიტერ“ გვერდის საშუალებით საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელა, რომელიც აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
დავით ზალკალიანმა შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ანდრეა ტომფსონთან შეხვედრა 7 თებერვალს გამართა, რა დროსაც მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ორ ქვეყნას შორის თანამშრომლობა უმაღლეს ნიშნულზეა ყველა პრიორიტეტული მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ მინისტრმა სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მოწვევით მონაწილეობა მიიღო ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალში. ამას გარდა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში შედგა არაერთი ორმხრივი შეხვედრაც. მათ შორის: სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან ვეს მიტჩელთან. ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებთან, თეთრი სახლის წარმომადგენლებთან, კონგრესმენებთან და სენატორებთან.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ავრცელებს.