თბილისის მერი კახა კალაძე იტალიელი ფეხბურთელის ანდრეა პირლოს გამოსამშვიდობებელ მატჩში ითამაშებს.
როგორც კახა კალაძემ პირველი არხის ჟურნალისტს იტალიაში განუცხადა, „სან სიროს“ სტადიონი მისთვის დაკავშირებულია ყველა იმ წარმატებასთან, რომელსაც ფეხბურთის თამაშის დროს მიაღწია.
„სასიამოვნოა, რომ მეც მომეცა შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გამოვიდე იმ სტადიონზე, იმ ქალაქში, რომელთანაც არის დაკავშირებული ყველა ჩემი წარმატება. დღეს ანდრეა პირლოს ოფიციალურად ბოლო შეხვედრა აქვს, ის საფეხბურთო კარიერას ამთავრებს. მინდა, გავიხსენო საუკეთესო წლები, რომლებიც ჩვენ ერთად გავატარეთ. წარმატებები, რომელიც ჰქონდა მილანს, ძლიერი ფეხბურთელების დამსახურებაა. იყო მეგობრობა და ურთიერთობა, რომელიც ფეხბურთელებს აკავშირებდათ. თვითონ ანდრეას რაც შეეხება, მოედნის ცენტრში იყო ერთ-ერთი საუკეთესო თამაშის წამოწყებაში, პასების განაწილებაში. შეიძლება ითქვას, რომ გუნდის ერთგვარი ღერძი იყოს და სწორედ მას მიყავდა მოედნის შუაგულში თამაში. როგორც პიროვნება, არის მეგობრული, თბილი, რაც პროფესიონალების თანხვედრია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, „სან სიროზე“ დაახლოებით 40-მდე ფეხბურთელია მიწვეული და ყველას მიეცემა თამაშის შესაძლებლობა.
„სასიამოვნოა, რომ კიდევ ერთხელ მექნება შესაძლებლობა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო არენაზე, „სან სიროზე“ ვითამაშო. ჩემთვის ეს არის სახლში დაბრუნება, რადგან ამ სტადიონთან არის დაკავშირებული ჩემი ყველაზე დიდი წარმატება”, – განაცხადა კახა კალაძემ.