ანაზღაურებადი სტაჟირება - შინაგან საქმეთა სამინისტროში მიღების ახალი წესი ინერგება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა უწყებაში სამსახურში მიღების წესის გარდაქმნას.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, სისტემაში მოხვედრის ერთადერთი გზა იქნება ანაზღაურებადი სტაჟირება და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია. კერძოდ, საბაზისო კურსების გავლის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ტესტირების შედეგად ამორჩეული მოქალაქის სტაჟირებისა და სწავლის პერიოდი ანაზღაურებადი იქნება.
„კიდევ ერთი კომპონენტი შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმების და ცვლილებების გახლავთ სამსახურში მიღების წესის ცვლილება. ეს ბრძანება უკვე ხელმოწერილია. ასევე, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ფუნქცია. მოგეხსენებათ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ გადავდგით რამდენიმე ნაბიჯი – პირველი რაც გავაკეთეთ, გავაკეთეთ ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში აღარ იქნება უმაღლესი განათლების კომპონენტი და იქნება სრულად პროფესიული განათლების
დაწესებულება. გარდა ამისა, როგორც მოგახსენეთ, ჩვენ უკვე გადავდგით ნაბიჯი და ვთქვით, რომ სისტემაში მოხვედრის ერთადერთი გზა იქნება ანაზღაურებადი სტაჟირება და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია. ეს ნიშნავს იმას, რომ საბაზისო კურსების გავლის დროს საქართველოს თითოეული მოქალაქე, რომელიც იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავლილი ტესტირების შედეგად ამორჩეული, – მისი სტაჟირებისა და სწავლის პერიოდი აკადემიაში ანაზღაურებადი იქნება. იგი პირველი სამი თვის საბაზისო კურსების გავლის პერიოდში მიიღებს საშტატო სარგოს 50%-ს, ხოლო 9-თვიანი საგამოცდო პერიოდის განმავლობაში – სრულ სარგოს. ეს იქნება ის ინსტიტუციონალური პროცესი, რისი საშუალებითაც თითოეული ადამიანი შეძლებს, მოხვდეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. ამას ვაკეთებთ მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ ძალიან კარგად გვესმის, ვერანაირი სოციალური სტატუსი, ხელფასის ზრდა, საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება, სოციალური დაცვის გაძლიერება ვერ იქნება გარანტი, რომ ადამიანური რესურსი შინაგან საქმეთა სამინისტროში ხარისხობრივად გაუმჯობესდეს. ამას სჭირდება ინსტიტუციონალური განათლებისა და პროფესიული ზრდის მექანიზმები, რომელსაც ახლა ვქმნით. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა საუკეთესო კადრები, საუკეთესო ახალგაზრდები მოდიოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, მათ იცოდნენ, რომ მათი სოციალური, პროფესიული ზრდის გარანტიები შექმნილია სახელმწიფოს და ინსტიტუტის მიერ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამასთან, მისივე თქმით, 13 200 პოლიციელს უკვე გაეზარდა ხელფასი და უახლოეს პერიოდში გაგრძელდება ხელფასების ზრდა.