ანასტასია და „რანინა“ 26 ნოემბერს საბავშვო ევროვიზიაზე მეათე ნომრად წარდგება
ანასტასია და „რანინა“ 26 ნოემბერს საბავშვო ევროვიზიაზე მეათე ნომრად წარდგება

საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი ანასტასია და „რანინა“ 26  ნოემბერს Palais Nikaïa-ს სცენაზე მეათე ნომრად წარდგება.

წლევანდელ საბავშვო ევროფესტივალს ესპანეთი გახსნის და ნიდერლანდების წარმომადგენელი დახურავს. მასპინძელი საფრანგეთი კონკურსზე მე-12 ნომრად წარდგება.

16 მონაწილე ქვეყნის რიგითობა დღეს გახსნით ცერემონიაზე გახდა ცნობილი. ხვალიდან კი კონკურსანტები პირველ რეპეტიციებს დიდ სცენაზე გაივლიან.

პროექტ „რანინას“ გამარჯვებული ანასტასია ვასაძე და „რანინას“ მონაწილეები, ოთო ბაზერაშვილი და ნიკოლოზ ხარატი საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზიაზე სიმღერით Over The Sky წარდგებიან.

საქართველოს სახელით ჟიურის ქულებს საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი, მარიამ ბიგვავა გამოაცხადებს.

რიგით 21-ე საბავშვო ევროვიზია ნიცაში 26 ნოემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას 16 ქვეყანა მიიღებს. ტრადიციულად, პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.

24 ნოემბრის 23:00 საათიდან კი საბავშვო ევროვიზიის ოფიციალურ ვებგვერდზე vote.Junioreurovision.tv ხმის მიცემა დაიწყება.