ანალენა ბერბოკმა ვიქტორ ორბანს მოუწოდა, მოხსნას წინააღმდეგობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებისა და ფინანსური მხარდაჭერის გაზრდის საკითხზე
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს მოუწოდა, მოხსნას წინააღმდეგობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებისა და კიევისთვის ფინანსური მხარდაჭერის გაზრდის საკითხზე.
ბერბოკმა გააკრიტიკა ორბანი წერილის გამო, რომელშიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს მოუწოდებს, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საკითხი 14-15 დეკემბერს დაგეგმილი ევროკავშირის ლიდერების სამიტის დღის წესრიგიდან მოხსნას.
„ახლა თამაშის დრო არ არის. თუ ჩვენ ვართ სიტუაციაში, როდესაც ევროპაში მშვიდობას თავს ესხმიან, მაშინ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, ყოველდღე და ყოველ საათს, რომ ჩვენი ხალხი დავიცვათ, და უფრო მეტად დავიცვათ უკრაინელი ხალხი, ყველა შესაძლო გზით“, – განაცხადა ბერბოკმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი გააკეთებს ყველაფერს, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მომდევნო ნაბიჯს გადადგამს.