ანალენა ბერბოკი - ვლადიმერ პუტინის თამაში „მარცვლეულის შეთანხმებასთან“ ცინიკურია, რუსეთი აღვივებს გლობალურ შიმშილს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „მარცვლეულის შეთანხმების“ გაუქმებისა და სამხრეთ უკრაინის პორტის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების გამო გააკრიტიკა.
„პუტინის თამაში „მარცვლეულის შეთანხმებასთან“ არის ცინიკური“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამასთან, ბერბოკმა მნიშვნელოვანი უწოდა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ძალისხმევას, რომელიც ორიენტირებულია შეთანხმების აღდგენაზე.
„მხოლოდ პუტინის გამო სატვირთო გემებს კიდევ ერთხელ ეკრძალებათ თავისუფლად სვლა. რუსეთი აღვივებს გლობალურ შიმშილს“, – აღნიშნა ბერბოკმა.
გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის ალტერნატიულ მარშრუტებზე მუშაობა გრძელდება „ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე“.
შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა სოჭში ერდოღანთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არ არის, დაუბრუნდეს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას, რომელიც მან ივლისში დატოვა.