ანალენა ბერბოკი - საფრანგეთში ულტრამემარჯვენეების გამარჯვება ყველას შეძრავდა
საფრანგეთში ულტრამემარჯვენეების გამარჯვება ყველას შეძრავდა, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.
„დემოკრატიულ ქვეყანაში არჩევნები ამომრჩევლის ხელშია, ამიტომ ჩვენ გარედან არ ვერევით და კომენტარს არ გავაკეთებთ, თუმცა აქვე მინდა განვმარტო, რომ ეს ყველას შეძრავდა. ვერავის დატოვებს გულგრილს, რომ, მაგალითად, ჩვენს ქვეყანაში ან ჩვენს უახლოეს პარტნიორ ქვეყანაში ევროპის არჩევნებზე ბევრად წინ ის პარტია იყოს, რომელიც ევროპას არა გამოსავლად, არამედ პრობლემად მიიჩნევს“, – აღნიშნა ანალენა ბერბოკმა.
ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, საფრანგეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანება“ 34%-ით ლიდერობს. 28.1%-ით მეორე ადგილს იკავებს მემარცხენე კოალიცია „ახალი სახალხო ფრონტი“, ხოლო პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტულმა ალიანსმა ხმების 20.3% მოიპოვა. რაც შეეხება რესპუბლიკელებს, ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, მათ ხმების 10.2% მიიღეს.