ანალენა ბერბოკი - ნათელია, რომ უკრაინა გააძლიერებს ევროკავშირს უახლოეს მომავალში, გაწევრიანების პერსპექტივა ასევე უნდა ჰქონდეთ მოლდოვას, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს
ანალენა ბერბოკი - ნათელია, რომ უკრაინა გააძლიერებს ევროკავშირს უახლოეს მომავალში, გაწევრიანების პერსპექტივა ასევე უნდა ჰქონდეთ მოლდოვას, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინა უახლოეს მომავალში ევროკავშირს გააძლიერებს. ანალენა ბერბოკმა ასევე ხაზი გაუსვა აუცილებლობას, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ჰქონდეთ საქართველოს, მოლდოვასა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს.

ეს განცხადება ანალენა ბერბოკმა „კავშირი 90/მწვანეების“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა, სადაც 2024 წელს დაგეგმილი ევროპარლამენტის არჩევნების პროგრამას განიხილავდნენ.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის გაძლიერებისა და რეფორმირების მოწოდებით გამოვიდა. ამ კონტექსტში მან ისაუბრა ევროკავშირში მოქმედი „ერთსულოვნების პრინციპის“ შეცვლის აუცილებელობაზე, რომელსაც ევროკავშირი საგარეო პოლიტიკური საკითხებზე გადაწყვეტილებების მისაღებად იყენებს.

„დღეს ცხადია, რომ უკრაინა გააძლიერებს ევროკავშირს უახლოეს მომავალში. უკრაინის გაწევრიანება ჩვენს გეოპოლიტიკურ ინტერესებშია. ევროპაში ე.წ. ნაცრისფერი ზონები აღარ უნდა დარჩეს“, – განაცხადა მინისტრმა.

ბერბოკმა ასევე პირობა დადო, რომ ბერლინი გააგრძელებს კიევის სამხედრო და სხვა სახის მხარდაჭერას. მან ასევე თქვა, რომ ბოლო პერიოდში რუსეთი ცდილობს, ევროკავშირის ერთიანობა დაარღვიოს.

„ბოლო კვირებში ჩვენი ერთიანობა გამოცდის წინაშე დგას ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაციის გამო, სადაც ჩვენ, სიმართლე რომ ვთქვთ, ყოველთვის მართლაც ვერ ვპოულობდით საერთო ენას, როგორც ევროპელები“, – აღნიშნა ანალენა ბერბოკმა.