ანალენა ბერბოკი - მივესალმები ევროკომისიის რეკომენდაციას, მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინას ამ რთულ, მნიშვნელოვან გზაზე, ასევე მოლდოვას
მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინას ამ რთულ, მნიშვნელოვან გზაზე, ასევე მოლდოვას, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპა ყოველთვის იზრდებოდა რთულ სიტუაციაში და ახლა საჭიროა ლიდერობა, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას.
„მივესალმები ევროკომისიის რეკომენდაციას, რომელიც ევროკომისიამ გასცა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ეს ნამდვილად ისტორიული მომენტია. ეს არის მომენტი, როდესაც ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რა გველოდება მომდევნო წლებში, თუ არასწორ მიმართულებას ავირჩევთ ამ კონკრეტულ სიტუაციაში. დიახ, ეს არის რთული გზა, რადგან ჩვენ ახლა ნორმალურ ვითარებაში არ ვართ, მაგრამ ევროპა ყოველთვის იზრდებოდა რთულ სიტუაციაში და ახლა საჭიროა ლიდერობა, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას ამ რთულ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან გზაზე, მოლდოვასთან ერთად. როგორც კანცლერმა აღნიშნა, ჩვენ ასევე მტკიცედ ვუჭერთ მხარს დასავლეთ ბალკანეთს. მოვიდა დრო, მათ მიიღონ მკაფიო სიგნალი და დაიწყოს მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან“, – განაცხადა ბერბოკმა.