ანალენა ბერბოკი - ის ფაქტი, რომ უკრაინის დროშა ფრიალებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შესასვლელთან, მეტყველებს იმაზე, რა ღირებულებებს ვიზიარებთ და რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია
დაახლოებით ერთი წლის წინ საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი წარადგინა, თუმცა ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი. კანონის უზენაესობა და დემოკრატიული სტანდარტები ევროკავშირში გაწევრიანების საფუძველია, – ამის შესახებ გერმანიის საგრეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი სოციალურ ქსელში საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით წერს.
ამასთან, ბერბოკი სტუდენტებთან შეხვედრის დეტალებს იხსნებს:
„ერთ-ერთი სტუდენტი მეკითხება: „რა უნდა მოვიმოქმედოთ, თუ ვგრძნობთ, რომ ჩვენი ხელისუფლება არ მიჰყვება ჩვენი თაობის საქმეს იმავე ენერგიით?“ – განაგრძეთ. იყავით დაჟინებული. სამი წლის წინ ჩემი ზოგიერთი კოლეგა იცინოდა „კლიმატის გაფიცვის“ მონაწილე სტუდენტებზე. დღეს მათი დღის წესრიგი განიხილება საერთაშორისო საკონფერენციო დარბაზებში, ასევე ოჯახებში, სამზარეულოს მაგიდასთან“, – ამბობს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.
გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, გერმანია თავისი შესაძლებლობების ფარგლებში მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას და ხალხს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
„იმის გამო, რომ ქვეყანა უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ იმყოფება: 2008 წელს რუსეთის არმია თავს დაესხა საქართველოს, ქვეყნის ორი ნაწილი, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დე ფაქტო კონტროლდება რუსეთის მიერ; მეორე მხრივ, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ ათიათასობით ადამიანი გაიქცა საქართველოში რუსეთიდან და უკრაინიდან. აქ ახალი ჭრილობები ხვდება ნაწიბურებს, მაგრამ თბილისური ლექციების დარბაზში აჟიოტაჟი აღმაფრთოვანებელია და ამ ახალგაზრდა თაობის ძალა თავისი ქვეყნის მომავლის ფორმირებისთვის არის ჩვენი მოტივაციაც. ჩვენი ყურადღების მიღმა არ დარჩენილა, რამდენი ათასი ქართველი ახალგაზრდა აფრიალებს ევროკავშირის დროშებს, როდესაც ისინი გამოდიან ქუჩებში გამოხატვის თავისუფლებისთვის და მათი ცოცხალი, კრიტიკული საზოგადოების შესანარჩუნებლად. „და თუ საქმე გაჩერდა?“ – მეკითხებიან, როცა ვემშვიდობებით მათ. ჩვენი კარი ღია რჩება. პოლიტიკა ცვალებადი პროცესია და არასდროს არაფერი დასრულებულა. ეს ზოგჯერ დამღლელია, მაგრამ ყოველთვის არის შესაძლებლობა. ის ფაქტი, რომ უკრაინის დროშა ფრიალებს თბილისის უნივერსიტეტის შესასვლელთან, მეტყველებს იმაზე, რა ღირებულებებს ვიზიარებთ და რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია“, – წერს ანალენა ბერბოკი.