ანალენა ბერბოკი - გერმანიის დამოკიდებულება რუსულ ენერგიაზე არასწორი იყო
გერმანიის დამოკიდებულება რუსულ ენერგიაზე არასწორი იყო, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ქარის ენერგიის ფორუმზე განაცხადა.
გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლები სიმართლეს ამბობენ, რომ ბალტიის ზღვაში გამავალი გაზსადენი ევროპის უსაფრთხოებას ძირს უთხრის.
ანალენა ბერბოკის განცხადებით, გერმანია ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო დამოკიდებული რუსულ ენერგიაზე და, ყოველი იაფი კუბური მეტრი გაზის სანაცვლოდ, ევროპამ უსაფრთხოებით ორჯერ და სამჯერ მეტი გადაიხადა. ფორუმზე ასევე ისაუბრა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა და აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნებმა მწვანე ენერგიაზე გადასვლასთან დაკავშირებით თანამშრომლობა უნდა გააძლიერონ.
„რუსეთის სასტიკმა და ასევე უკანონო ომმა უკრაინაში უსაფრთხოების ახალი ვითარება შექმნა. ახლა უფრო ნათელია, ვიდრე ოდესმე, რომ ენერგეტიკული პოლიტიკა უსაფრთხოების პოლიტიკაა. ჩვენ უნდა შევცვალოთ რუსული გაზი ევროპული მწვანე ენერგიით, განსაკუთრებით სანდო პარტნიორებთან თანამშრომლობით“, – თქვა ლარს ლოკე რასმუსენმა.