ანალენა ბერბოკი - გერმანიასა და პოლონეთს სურთ, გააძლიერონ თანამშრომლობა „ვაიმარის სამკუთხედის“ მეშვეობით, ძლიერ ევროპას სჭირდება ღრმა ნდობა ვარშავასა და ბერლინს შორის
ანალენა ბერბოკი - გერმანიასა და პოლონეთს სურთ, გააძლიერონ თანამშრომლობა „ვაიმარის სამკუთხედის“ მეშვეობით, ძლიერ ევროპას სჭირდება ღრმა ნდობა ვარშავასა და ბერლინს შორის

გერმანიასა და პოლონეთს სურთ, გააძლიერონ თანამშრომლობა „ვაიმარის სამკუთხედის“ მეშვეობით, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ბერლინში პოლონელ კოლეგასთან, რადოსლავ სიკორსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ძლიერ ევროპას, რომლის ცენტრიც მომავალი წლების განმავლობაში განაგრძობს მოძრაობას აღმოსავლეთისკენ, უფრო მეტად სჭირდება გერმანულ-პოლონური მეგობრობა, ღრმა ნდობა ვარშავასა და ბერლინს შორის. დღეს ყველა ვაცნობიერებთ, რომ პოლონეთის უსაფრთხოება, ბალტიისპირეთის ქვეყნების უსაფრთხოება არის ჩვენი, ყველას უსაფრთხოება. ჩვენ ერთად ვიცავთ ამ უსაფრთხოებას, როგორც მოკავშირეები ნატო-ში“, – აღნიშნა ანალენა ბერბოკმა.

ამასთან, ორივე მხარემ ხაზი გაუსვა უკრაინის მხარდაჭერისთვის თანამშრომლობის აუცილებლობას.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ კონსტრუქციული თანამშრომლობა ევროპულ ოჯახში და ნატო-ს ფარგლებში. პოლონეთში ნამდვილად ვგრძნობთ უფრო მეტ საფრთხეს, რადგან რუსეთი ვარშავიდან სულ რაღაც 250 კილომეტრში იმყოფება, მაგრამ აქ, ბერლინში, ჩვენ ასევე ვიმყოფებით „ისკანდერის“ რაკეტასთან, რომლის მოქმედების რადიუსი 500 კილომეტრია. უკრაინის ომმა ცხადყო, რომ „ვაიმარის სამკუთხედი“ შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ფორუმი თანამშრომლობისთვის და კარგი იდეების წყარო ევროკავშირის მომავლისთვის“, – განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ.

როგორც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, პოლონეთი კვლავ იქნება სატრანსპორტო, სამხედრო დახმარების კერა და უკრაინის აღდგენის ცენტრი, მაგრამ ჯერ ომი უნდა დასრულდეს.