ანალენა ბერბოკი - დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნები უკრაინას ზამთრისთვის მომზადებაში დაეხმარებიან
დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნები უკრაინას ზამთრისთვის მომზადებაში დაეხმარებიან,- ამის შესახებ განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა გააკეთა, რომელიც დიდი შვიდეულის თავმჯდომარეა.
მისივე თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ერთობლივი სანქციების დაწესების შემდეგ, ახლა დიდი შვიდეული ერთობლივ დახმარებას გამოუყოფს უკრაინას ზამთრის პერიოდისთვის.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, დიდი შვიდეული არ შეეგუება, რომ პუტინის სტრატეგია უკრაინაში წარმატებული აღმოჩნდეს.
ანალენა ბერბოკმა რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის ენერგეტიკაზე არაადამიანურ დარტყმებში დაადანაშაულა.
ანალოგიური განცხადება გააკეთა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმაც. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს სურს, გაანადგუროს უკრაინა, რაც დაუშვებელია.
„პუტინის რუსეთი ანადგურებს უკრაინას. ისინი ვერ ახდენენ უკრაინის ოკუპაციას, ბრძოლის ველზე ვერ იმარჯვებენ. მათ ომში გამარჯვება არ შეუძლიათ და ამიტომაც სისტემურად ანგრევენ უკრაინას. მილიონობით უკრაინელს არ აქვს ელექტროენერგია. პუტინს სურს, ზამთრის პერიოდში უკრაინაში სიბნელემ დაისადგუროს. ეს არის ომის დანაშაული. უკვე აღარაფერს ვამბობ ბირთვულ მუქარასა და კონვენციური შეიარაღების გამოყენებაზე. ისინი ანადგურებენ ქვეყანას და კლავენ მოქალაქეებს. ცდილობენ, მორალურად გატეხონ უკრაინელები. სწორედ ამიტომ უნდა გავაგრძელოთ უკრაინელების დახმარება, შეიარაღების მიწოდება, რომ მათ თავდაცვა შეძლონ”,- განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.