ანალენა ბერბოკი - ჩვენ გავაფრთხილეთ ირანი სახიფათო ესკალაციის შესახებ, ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს თავდასხმა, ის რეგიონს უფრო მეტად უბიძგებს უფსკრულისკენ
გერმანია ირანის მხრიდან ისრაელზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას უმკაცრესად გმობს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა სოციალურ ქსელში დაწერა.
ბერბოკის თქმით, მოუწოდებს ირანს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შეტევა.
„ჩვენ გავაფრთხილეთ ირანი ამ სახიფათო ესკალაციის შესახებ. ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს თავდასხმა. ის რეგიონს უფრო მეტად უბიძგებს უფსკრულისკენ“, – წერს ანალენა ბერბოკი სოციალურ ქსელში.
ისრაელის მედიის ცნობით, ირანმა ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. ირანი ადასტურებს, რომ ისრაელზე სარაკეტო შეტევა დაიწყო, ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალები მოსახლეობას მოუწოდებს, დარჩნენ თავშესაფრებში.