ანალენა ბერბოკი - არავინ იცის, დასრულდება თუ არა ომი წლის ბოლომდე, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინა სუვერენულ სახელმწიფოდ დარჩეს
არავინ იცის, დასრულდება თუ არა ომი წლის ბოლომდე, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინა სუვერენულ სახელმწიფოდ დარჩეს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მადრიდში, ნატო-ს სამიტამდე გამართულ ფორუმზე განაცხადა.
დისკუსიის მოდერატორმა ანალენა ბერბოკს ჰკითხა, რამდენად რეალისტურია უკრაინის პრეზიდენტის იმედი, რომ ომი წლის ბოლომდე დასრულდეს და უკრაინის სუვერენიტეტი ხელშეუხებელი დარჩეს, რაზეც გერმანელმა მინისტრმა უპასუხა, რომ ეს არავინ იცის.
„არავინ იცის, მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ უკრაინა დარჩეს სუვერენულ სახელმწიფოდ და მთელ ქვეყანას შეეძლოს მშვიდობიანად, თავისუფლად ცხოვრება ერთად. როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, ეს არის იმედი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ იმედი დარჩეს. სწორედ ამიტომ ნატო-ს სამიტზეც ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდებას და ამ ძლისხმევას ვაძლიერებთ. ახლა ყველა დღე მნიშვნელოვანია. ჩვენ არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება ომი. ის შეიძლება, გაჩერდეს ხვალ, თუ რუსეთის პრეზიდენტი შეწყვეტს დაბომბვას. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. მას შეუძლია ომის ხვალვე დასრულება და შემდეგ შეგვიძლია, გადავჭრათ მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევები. მაგრამ ვიდრე ომი გრძელდება, ყოველ დღე კვდებიან ჯარისკაცები, მოქალაქეები. ამიტომ, შეიარაღების მიწოდებით ჩვენ სიცოცხლეების გადარჩენა შეგვიძლია“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.