ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ ევროპა მზად იქნება, თუ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდება
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ ევროპა მზად იქნება, თუ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდება. ამის შესახებ განცხადება ანალენა ბერბოკმა „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში გააკეთა.
მისი თქმით, 2016 წელს, როდესაც ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი გახდა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ თეთრ სახლში მოხვდებოდა ადამიანი, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ნატო-ს.
„ბევრი რამ წარსულში ჩვენთვის სრულიად შოკის მომგვრელი იყო. ტრამპმა გააკეთა ზოგიერთი რამ, რაც ჩვენ ძალიან გვაღიზიანებს“, – განაცხადა ბერბოკმა.
მან ასევე თქვა, რომ გერმანიის მთავრობა იქნება მზად ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში მასთან სამუშაოდ.
ბერბოკმა ასევე ისაუბრა აშშ-ში თავისი ვიზიტის შესახებ და თქვა, რომ ამერიკელ კანონმდებლებს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად შოკის მომგვრელი იყო ტრამპის მმართველობის წლები და ასევე იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება აშშ-ის შემდეგი პრეზიდენტი.