ანაკლიის პორტისა და ქალაქ ანაკლიის პროექტებს ლონდონში, EBRD-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე Outlook on Georgia 2017 განიხილავენ.
ანაკლიის კონსორციუმის ინფორმაციით, კონფერენცია – რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და „Emerging Europe” ერთობლივად მასპინძლობენ, მთლიანად საქართველოს ეკონომიკურ გარემოს განხილვას ეძღვნება.
მათივე ინფორმაციით, კონფერენციის მიზანია, საქართველოში ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების მიმოხილვა და ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის წარმოჩენა. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ EBRD-ის მიერ ორგანიზებული კონფერენციის მთავარი პარტნიორია.
„ანაკლია სითის“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი კონფერენციის ერთ-ერთი სპიკერია. ბოჭორიშვილი ანაკლიის პროექტს დეტალურად წარადგენს დისკუსიაზე: „საქართველო აბრეშუმის გზის გზაჯვარედინზე: ინფრასტრუქტურული და რეგიონული ინტეგრაციის შესაძლებლობები“.
დისკუსიის ფარგლებში საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის, გზაჯვარედინის შესაძლებლობებს და ამ პერსპექტივაში მსხვილი ინფრასტრუქტურული ინვესტიციების როლს განიხილავენ.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ როგორც ანაკლიის პროექტის, ისე მთლიანად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების წარმოჩენას. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ ორგანიზებული კონფერენცია ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმაა ამ მიზნის განსახორციელებლად“, – განაცხადა „ანაკლია სითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა.
EBRD-Emerging Europe Outlook on Georgia ეკონომიკურ თემაზე გამართული კონფერენციების სერიის ნაწილია, სადაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მოწვეულ პარტნიორებთან ერთად ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საინვესტიციო გარემოს და ეკონომიკურ პოტენციალს განიხილავენ.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის 20 დეკემბერს დაიწყება. ნავსადგურის პირველი ფაზა 2021 წელს ამოქმედდება, როდესაც პორტი პირველ გემებს მიიღებს. პროექტის განხორციელება სულ 9 ფაზად იგეგმება და მისი მთლიანი ბიუჯეტი 2.5 მილიარდი აშშ დოლარია.