ანაკლიის პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის პროექტირებას მულტინაციონალური კომპანია „სმექი“ ახორციელებს
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის პროექტირება აქტიურად მიმდინარეობს.
უწყების ინფორმაციით, საპროექტო ორგანიზაციამ, საავტომობილო გზების დეპარტამენტს ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მიმართულების ოთხი ვარიანტი წარუდგინა. წარდგენილი ვარიანტებიდან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკურმა საბჭომ, ერთ-ერთს მიანიჭა უპირატესობა. საპროექტო ორგანიზაცია, შერჩეულ მიმართულებაზე გააგრძელებს დამატებითი კვლევა-ძიების სამუშაოებს დეტალური პროექტის წარსადგენად.
„დეტალური პროექტირებისთვის მიმართულების შერჩევა საკმაოდ მნიშვნელოვანი ეტაპია. შერჩეულ მიმართულებაზე დეტალური გეოლოგიური სამუშაოები დაიწყება, მომზადდება გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და განსახლების სამოქმედო გეგმის დოკუმენტები“, – ნათქვამია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის პროექტირებას მულტინაციონალური კომპანია „სმექი“ ახორციელებს. „სმექმა“ პროექტირება ოქტომბერში უნდა დაასრულოს. პროექტირების სახელშეკრულებო ღირებულება 7 მილიონ ლარს შედგენს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობა ნავსადგურის ოპერირების დაწყებამდე დასრულდება.