ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა
ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის, რკინიგზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის, დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვის მიზნით, კონკურსი განსხვავებული წესით გამოცხადდა. ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.
2018 წელს, პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის, რკინიგზის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად სამი ტენდერი გამოცხადდა, თუმცა ყველა მათგანი სხვადასხვა მიზეზით ჩაიშალა და გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.
სამინისტროს ინფორმაციით, ტენდერების ჩაშლის მიზეზების ანალიზის შედეგად და კვალიფიციური კონტრაქტორის შერჩევის მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საპროექტო დოკუმენტაციას, ამჯერად, განსხვავებული წესით შეარჩევს. გამოცხადებული კონკურსის ფორმა შემუშავებულია საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების შესყიდვის პრაქტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით.
კონკურსი ორეტაპიანია. პირველ ეტაპზე პრეტენდენტების ტექნიკური დოკუმენტაცია და სხვა საკვალიფიკაციო მონაცემები, ხოლო მეორე ეტაპზე საფინანსო წინადადებები შეფასდება. სამინისტროში აცხადებენ, რომ კონკურსის ეს ფორმატი, პროცედურული ბარიერების მინიმუმამდე დაყვანას და შესყიდვის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9 718 972 ლარს შეადგენს. კომპანიასთან, რომელიც კონკურსში საუკეთესო წინადადებას წარადგენს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხელშეკრულების გაფორმებას მარტის ბოლომდე გეგმავს.
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტის მშენებლობა ქვეყნისთვის და მთელი რეგიონისთვის განსაკუთრებული ეკონომიკური, პოლიტიკური და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტია. აქედან გამომდინარე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაინტერესებულია, რომ პროექტთან მიმართებით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები პირნათლად შესრულდეს“, – აცხადებს სამინისტრო.