ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი ინფრასტრუქტურის უწყებიდან ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით ახალ ტენდერს ეკონომიკის სამინისტრო გამოაცხადებს.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, ახალი ტენდერის გამოსაცხადებლად შესაბამისი მზადების დაწყების მიზნით, ანაკლიის პორტის პროექტი და შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეცემა.
„დღეს მთავრობამ კვლავ იმსჯელა ანაკლიის პორტის მომავალზე და გადაწყდა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი და შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც იყო ჩართული საქართველოს მხრიდან ანაკლიის პროექტის შიდა ხელშეკრულების მხარედ, გადმოეცემა ეკონომიკის სამინისტროს. ამის მთავარი მიზეზი და მიზანია, ჩვენ დავიწყოთ მზადება ახალი ტენდერის გამოცხადებისთვის. მოგეხსნებათ, როდესაც თავიდან გამოცხადდა ტენდერი ანაკლიის პორტის ასაშენებლად, სწორედ ეკონომიკის სამინისტრომ გააკეთა ამის ორგანიზება და საკმაოდ დიდი ინტერესი იყო მის მიმართ. შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია, მომზადება რომ დავიწყოთ ხელახლა ტენდერისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, ამაში ისევ ერთვება ეკონომიკის სამინისტრო. ტენდერი დროულად, მაღალ დონეზე, გამჭვირვალედ ჩატარდება, ისე რომ, პირობები იყოს მიმზიდველი ინვესტორებისთვის. ამისთვის გავაკეთებთ ხელშეკრულების გარკვეულ ინვენტარიზაციას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრის თქმით, გათვალისწინებული იქნება ყველა ბოლო ცვლილება და გაუმჯობესება, რაც ხელშეკრულებაში ინვესტორის სასარგებლოდ განხორციელდა.
„ასევე ჩვენი დიდი სურვილია, რომ ამ პროცესში ვითანამშრომლოთ რომელიმე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან, ვისთანაც არის კარგი გამოცდილება, რომ საერთაშორისო ტენდერების ორგანიზებაში ეხმარებიან მთავრობას“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.