ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით პარლამენტში დღეს მაია ცქიტიშვილს მოუსმენენ
ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით დღეს პარლამენტში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის მოუსმენენ. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოს ანგარიშის წარდგენის სურვილით თავად მიმართა.
სპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ანაკლიის პორტი ხელისუფლებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა და მინისტრის მიმართ მართველი გუნდის დეპუტატებს შეკითხვები პროექტის შესრულებასთან დაკავშირებით, ასევე ინვესტიციების მოძიებასა და ტრანზიტულ დერეფნებში პორტის ინტეგრირებაზე ექნებათ.
„ანაკლიის პორტი არის ძალიან სტრატეგიული პროექტი ქვეყნისთვის. მთავრობას და ხელისუფლებას ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული იმისათვის, რომ ეს პროექტი წარმატებით განხორციელდეს. რა თქმა უნდა, არსებობს სრული მზადყოფნა ხელისუფლების მხრიდან, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს და გასცეს ყველა იმ კითხვაზე პასუხები, რომელიც საზოგადოებაში დღეს არსებობს.
ჩვენც ვემზადებით მინისტრთან ამ შეხვედრისთვის. გვექნება კითხვები ვადებთან , მოზიდულ ინვესტიციებთან და ტვირთბრუნვებთან დაკავშირებით. ასევე ოპოზიციასაც მიეცემა საშუალება, რომ კითხვები, რომელიც აქვთ, დასვან სხდომაზე. ვნახავთ ძალიან საინტერესო ანგარიშს და განხილვას ამ თემაზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საპარლამენტო ოპოზიციას აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ კრიტიკული კითხვები აქვს. დეპუტატებს აინტერესებთ, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელების წინაღმდეგ დაწყებული გამოძიება ფულის გათეთრების ბრალდებით, ხომ არ უკავშირდება პროექტის განზრახ შეფერხების სურვილს.
„მთელი ეს შეტევა, რასაც ჩვენ ვუყურებთ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების წინააღმდეგ, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ბიუჯეტის არათვისება და ინფრასტრუქტურაზე ფულის არდახარჯვა ანაკლიის პორტთან მისასვლელად, მიუთითებს როგორც მამუკა ხაზარაძემ თქვა, ორკესტრირებულ შეტევაზე. ეს იქნება ჩვენი საუბრის ძირითადი თემა“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.