ანაკლიის პორტის მშენებლობის მიზნით, უწყებათაშორისმა კომისიამ კვალიფიცირებული კანდიდატებისთვის წარმოსადგენი წინადადებების შესახებ დოკუმენტაცია დაამტკიცა
ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის თავმჯდომარეობით ეკონომიკის სამინისტროში „ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების მიზნით კერძო პარტნიორის შესარჩევი კომისიის“ მორიგი სხდომა გაიმართა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, უწყებათაშორისმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე განიხილა და დაამტკიცა კვალიფიცირებული კანდიდატებისთვის წარსადგენ წინადადებათა წარმოდგენის შესახებ მოწვევის (RFP) დოკუმენტაცია.
უწყების ცნობით, აღნიშნული დოკუმენტაცია მოიცავს როგორც წინადადების წარმოდგენის შესახებ მოწვევის დოკუმენტს, ისე კონცესიისა და პარტნიორთა ხელშეკრულებების პროექტებს.
„აღნიშნული დოკუმენტაცია შემუშავებულ იქნა სსიპ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს“ მიერ, სააგენტოს საერთაშორისო კონსულტანტების, კერძოდ, იურიდიული კონსულტანტის, Squire Patton Boggs-ის, კომერციული კონსულტანტის, Maritime Transport & Business Solutions-ისა (MTBS) და ტექნიკური კონსულტანტის, Port Consultants Rotterdam-ის მონაწილეობით.
დოკუმენტით გათვალისწინებულია პროექტის სპეციფიკური მახასიათებლები და აქტივებთან/ქონებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. ის ასევე მოიცავს შემდეგ საკითხებს: კვალიფიცირებულ კანდიდატთა მიერ წინადადებების წარდგენის ინსტრუქციას; წარმოსადგენი დოკუმენტაციის შინაარსს; შესარჩევ პროცესთან დაკავშირებული ვადების შესახებ ინფორმაციას და შეფასების კრიტერიუმებს (როგორც კომერციულ/ტექნიკურ, ისე ფინანსურ და სამართლებრივ კრიტერიუმებს). ამასთან, დოკუმენტი ითვალისწინებს კანდიდატთა მიერ წარმოსადგენი წინადადების უზრუნველყოფის გარანტიას, მის ოდენობას, ფორმას, ვადას, მის ძირითად პირობებსა და აღსრულების საფუძვლებს.
კანდიდატებს ასევე გაეგზავნებათ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული კონცესიისა და პარტნიორთა ხელშეკრულებების პროექტები – ისინი შემდგომ ეტაპზე დაექვემდებარება გამარჯვებულ ან მოკლე სიაში გადასულ კანდიდატთან მოლაპარაკებებს.
კომისიის სხდომის დასრულებისას გაფორმდა ოქმი, რომელსაც ხელი მოაწერეს კომისიის თავმჯდომარემ – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა და კომისიის წევრებმა – ფინანსთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა.
კომისიის გადაწყვეტილებით, კვალიფიციურ კანდიდატებს წინადადებების წარმოსადგენად ვადა 19 თებერვლამდე მიეცათ. კომისია საერთაშორისო კონსულტანტების მეშვეობით შეაფასებს წარმოდგენილ წინადადებებს და გამოავლენს გამარჯვებულს, რომელთანაც გაიმართება მოლაპარაკებები შესაბამის ხელშეკრულებებზე“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.