„ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ საინვესტიციო ხელშეკრულების საკითხზე მთავრობის ხვალინდელ სხდომაზე იმსჯელებენ
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ საინვესტიციო ხელშეკრულების საკითხზე საქართველოს მთავრობის ხვალინდელ სხდომაზე იმსჯელებენ.
ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს ბაკურიანში განუცხადა.
„ჩვენ ხვალ გვაქვს მთავრობის სხდომა, მთავრობის სხდომის ფარგლებში ვგეგმავთ ამ საკითხის განხილვასაც. ხვალ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დეტალურად მოგახსენებთ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ურთიერთობის გაგრძელების თაობაზე“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტისთვის დაფინანსების მოძიების საბოლოო ვადა 2019 წლის 31 დეკემბერს ამოეწურა. კონსორციუმმა ამავე დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ კონსორციუმი არ წყვეტს მუშაობას ინვესტორთან და მიმართავს ყველა საშუალებას, რომ პროექტი არ გაჩერდეს და წინ წავიდეს. კონსორციუმის განცხადებით, არსებულ ვითარებაში, გადამწყვეტი როლი აქვს სახელმწიფოს მხარდაჭერასა და აქტიურ ჩართულობას, განსაკუთრებით ინვესტორთან მოლაპარაკების პროცესში.
ამასთან, მიმდინარე წლის 3 იანვარს განცხადება გაავრცელა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ინტერესთა გამოხატვის შედეგად მთავრობასთან საინვესტიციო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა. უწყება განმარტავს, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ 2019 წლის ბოლომდე უნდა წარედგინა გაფორმებული ხელშეკრულებები – საერთაშორისო ბანკებთან 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფისა და პოტენციურ ინვესტორებთან 120 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკუთარი კაპიტალის შევსების თაობაზე, ასევე უნდა წარედგინა ხელმოწერილი ხელშეკრულებები პორტის ოპერატორთან და მშენებელ კომპანიებთან.