„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ საქართველოს მთავრობას ვადების გახანგრძლივების თხოვნით მიმართა
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ საქართველოს მთავრობას ვადების გახანგრძლივების თხოვნით მიმართა

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ანაკლიის პორტის პროექტის ფინანსური დახურვის დოკუმენტაციის წარდგენასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას ვადების გახანგრძლივებას სთხოვს.

როგორც საქართველოს პირველ არხს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ განუცხადეს, შესაბამისი მიმართვა მთავრობას უკვე წარედგინა.

კონსორციუმში აცხადებენ, რომ ამის თაობაზე მთავრობის მხრიდან მზაობა იყო, რაც გუშინ პრემიერ-მინისტრის განცხადებითაც დადასტურდა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ფინანსური დახურვისთვის დრო 15 ივნისამდე ჰქონდა. კონსორციუმში განმარტავენ, რომ ვინაიდან, რვა პუნქტიან მოთხოვნებთან დაკავშირებით საბოლოო შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის და მოლაპარაკებები გრძელდება, ვადის გახანგრძლივების საკითხი ავტომატურად დადგა.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა“ და მთავრობის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ აღინიშნა, რომ ძირითადად შესათანხმებელი რჩება ერთი პუნქტი, რომელიც ტვირთბრუნვაზე გარანტიებს უკავშირდება.

პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გუშინ განაცხადა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” მთავრობა ვალდებულებებს გადაუვადებს და აღნიშნული საკითხი უახლოეს მთავრობის სხდომაზე განიხილება. ამასთან, მისი თქმით, გაგრძელდება დიალოგი და კომუნიკაცია, რათა კონსორციუმმა შეძლოს აღებული ვალდებულებების შესრულება.