„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ - მიუხედავად არსებული ვითარებისა, მოვიძიეთ ინვესტორი, რომელიც ჯერ კიდევ დაინტერესებულია პროექტით
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ - მიუხედავად არსებული ვითარებისა, მოვიძიეთ ინვესტორი, რომელიც ჯერ კიდევ დაინტერესებულია პროექტით

ინვესტორისთვის მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს მხრიდან დაინახოს პირდაპირი მხარდაჭერა და კეთილგანწყობა, როგორც პროექტის, ასევე მათ მიმართ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღემდე არ მიგვიღია მსგავსი პოზიცია სახელმწიფოსგან, – ამის შესახებ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის განცხადებაშია ნათქვამი.

„მიუხედავად არსებული ვითარებისა, რომელიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმის კონტროლს მიღმაა, ჩვენ მოვიძიეთ ინვესტორი, რომელიც ჯერ კიდევ არის დაინტერესებული პროექტით. ამის შესახებ საქმის კურსში ჩავაყენეთ მთავრობის წარმომადგენლები რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გასულ კვირას გამართულ შეხვედრაზე.

როგორც ჩვენ განვუმარტეთ მთავრობის წარმომადგენლებს, ინვესტორისთვის მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს მხრიდან დაინახოს პირდაპირი მხარდაჭერა და კეთილგანწყობა, როგორც პროექტის, ასევე მათ მიმართ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღემდე არ მიგვიღია მსგავსი პოზიცია სახელმწიფოსგან. ამრიგად, ჩვენ ველოდებით მთავრობას, რადგან ზემოთ აღწერილი სიტუაცია არ არის ჩვენი კონტროლის ქვეშ, თუმცა პარალელურად ჩვენ აქტიურად ვაწვდით ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას პოტენციურ ინვესტორს.

ADC იყენებს ყველა საშუალებას, რომ პროექტი წინ წავიდეს, სანამ ჩვენ ვართ მთავრობის მხარდაჭერის მოლოდინში, რაც აუცილებელია ინვესტორთან მოლაპარაკებების დასრულების და პროექტის მომავლის უზრუნველსაყოფად. ჩვენ გვსურს, რომ თავიდან ავიცილოთ სამართლებრივი დავა და ვიმედოვნებთ, რომ მთავრობა უზრუნველყოფს მოთხოვნილ მხარდაჭერას, რათა წარმატებით გავაგრძელოთ და დასრულდეს პროექტი“, – აცხადებენ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“.

შეგახსენებთ, დღეს იწურება შუალედური ვადა, როდესაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ბანკებთან ხელმოწერილი სასესხო ხელშეკრულებები უნდა წარმოადგინოს. 31 დეკემბერი კი საბოლოო ვადა, როდესაც კონსორციუმმა უნდა მოიზიდოს როგორც საკუთარი კაპიტალი, ისე გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულებები პორტის მშენებლობის დასასრულებლად.