„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ - ფოთის პორტის მიმართ მთავრობის ინტერესი შემაშფოთებელია და ეჭვს ბადებს
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ აცხადებს, რომ ფოთის პორტი არ წარმოადგენს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ალტერნატივას.
აღნიშნულ საკითხზე ვრცელი განცხადება კონსორციუმმა სოციალურ ქსელში, თავის გვერდზე გამოაქვეყნა.
კონსორციუმი მიიჩნევს, რომ ფოთის მოძველებული პორტის განახლების ან მის მიმდებარედ, ჩრდილოეთით ახალი პორტის მშენებლობის შემთხვევაში, შეუძლებელი გახდება, საქართველომ მიაღწიოს დასახულ მიზანს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას და კავკასიის რეგიონის ეკონომიკურ ცენტრად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.
„შესაბამისად, დღის წესრიგიდან ამოღებული იქნება ქვეყნის ევროპა-აზიის სავაჭრო კარიბჭედ ქცევის პერსპექტივაც.
არცთუ დიდი ხნის წინ საქართველოს მთავრობა აცხადებდა, რომ მისთვის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ფოთში უფრო საინტერესოა, ვიდრე ანაკლიაში. ამ უკანასკნელზე კი, პირველი არჩევანი საფუძვლიანი მსჯელობის შედეგად გაკეთდა 2014 წელს განხორციელებული დამოუკიდებელი ექსპერტების ანალიზის საფუძველზე. ცოტა ხნის წინ ფოთის პორტის ოპერატორმა კომპანიამ – „ეი-პი-ემ ტერმინალს“ (APMT) გამოაცხადა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსაგან მიიღო მიწათსარგებლობის ნებართვა.
მთავრობის ინტერესი ფოთის პორტის მიმართ შემაშფოთებელია და ბადებს ეჭვს, რომ მისი მოტივები საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებისა და სამუშაო ადგილების შექმნის სურვილს სცილდება. გარდა ამისა, გაუგებარია მთავრობის ნაბიჯები. ჯერ კიდევ 2019 წლის მაისში გასცა მთავრობამ იგივე მიწათსარგებლობის ნებართვა კომპანიაზე APMT, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ ჩამოერთმია. უფრო მეტიც, მთავრობამ განცხადება გააკეთა ანაკლიის პორტის ახალი ტენდერის გამოცხადების განზრახვის შესახებ. მთავრობის ასეთი არათანმიმდევრულობა გაურკვეველ მდგომარეობაში აყენებს ინვესტორებსა და კრედიტორებს“, – ნათქვამია კონსორციუმის განცხადებაში.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ შეფასებით, ფოთის პორტის განვითარება საქართველოს ეკონომიკის კრახს გამოიწვევს და ამას ბევრი მიზეზი აქვს.
ამასთან, კონსორციუმი თავის განცხადებაში ანალიზსაც წარადგენს, მისი შეფასებით, რატომ არის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ასეთი მნიშვნელოვანი ქვეყნისათვის და მისი ეკონომიკისათვის, რატომ არ არის ფოთის პორტი მისაღები ალტერნატივა და რატომ რჩება ანაკლია საუკეთესო ლოკაციად უმაღლესი კლასის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად.