„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ და მისი ერთ-ერთი უცხოელი ინვესტორი საარბიტრაჟო დავას იწყებენ
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ და ერთ-ერთმა უცხოელმა ინვესტორმა, ბობ მეიერმა საქართველოს წინააღმდეგ დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სარჩელები შეიტანეს.
ბობ მეიერმა სარჩელით მიმართა საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრს, ხოლო კონსორციუმმა საარბიტრაჟო სარჩელი საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოში შეიტანა.
როგორც კონსორციუმის წარმომადგენლებმა და ინვესტორმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, აღნიშნული ორი სარჩელით, ისინი ანაკლიის პორტის პროექტში დარღვეული უფლებების აღდგენას მოითხოვენ. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ფინანსური ზიანის ანაზღაურებაა, რომელიც მათი განცხადებით, ერთ მლრდ აშშ დოლარს აღემატება.
„როგორც პატრიოტული ჟესტი, კონსორციუმმა შეაჩერა აღნიშნული სარჩელების შეტანა კორონავირუსის პანდემიის პირობებში, რათა ხელი არ შეგვეშალა მთავრობისთვის პანდემიასთან ბრძოლის პროცესში. სამწუხაროდ, მთავრობა უბიძგებს კონსორციუმს, რომ დაიწყოს საარბიტრაჟო დავა და შესაბამისად, მთავრობამ უნდა იკისროს პასუხისმგებლობა მიღებული შედეგებისთვის“, – განაცხადა ბრიფინგზე კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ტედ ჯონასმა.
კონსორციუმის წარმომადგენლების შეფასებით, აღნიშნული საკითხი პირდაპირი შედეგია საქართველოს მთავრობის კამპანიის, ძირი გამოეთხარა ანაკლიის პორტის პროექტისთვის.
„ანაკლიის პორტის პროექტისთვის ძირგამომთხრელი კამპანიითა და საარბიტრაჟო დავის ფორსირებით, მთავრობა აზიანებს საქართველოს ეკონომიკას. გარდა ეკონომიკური სარგებლის დაკარგვისა, რომელსაც ანაკლიის პორტი და ეკონომიკური ზონა მოუტანდა ქვეყანას ან იმ არასასურველი ფინანსური პასუხისმგებლობისა, რაც სახელმწიფოს დაეკისრება, მთავრობა ფაქტობრივად ხელს უშლის საერთაშორისო ინვესტორებს, საქართველოში განახორციელონ ნებისმიერი ინვესტიცია“, – აღნიშნა ჯონასმა.
კონსორციუმში უკანონოს უწოდებენ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლითაც მათთან ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა.
საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება მიმდინარე წლის 9 იანვარს ოფიციალურად შეწყვიტა.