ანაკლიაში მიმდინარე ფესტივალზე ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტზე ირანის სამი მოქალაქე დააკავეს

ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის მიმდინარეობისას, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის, შენახვისა და გასაღების ბრალდებით ირანის რესპუბლიკის სამი მოქალაქე დააკავეს: 1997 წელს დაბადებული ა. ღ, 1992 წელს დაბადებული მ. ზ. და 1992 წელს დაბადებული ჰ. ფ, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება იმ დროს ამოიღეს, როდესაც ისინი ნარკოტიკულ საშუალებებს მუსიკალური ფესტივალის დროს ასაღებდნენ.

ჰ.ფ.-ს და ა.დ.-ს დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას კი პოლიციამ ასევე ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ანაკლიაში მიმდინარე ფესტივალზე ნარკოდანაშაულისთვის საქართველოსა და ირანის ოთხი მოქალაქე 25 აგვისტოსაც დააკავეს.

ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ECHOWAVES მიმდინარეობს.