ანაკლიაში მიმდინარე ფესტივალზე ნარკოდანაშაულისთვის საქართველოსა და ირანის ოთხი მოქალაქე დააკავეს
სოფელ განმუხურში მიმდინარე ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე ნარკოდანაშაულისთვის ოთხი პირი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საგამოძიებო ღონისძიებები სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაატარეს.
„სამართალდამცველებმა რამდენიმედღიანი ოპერატიულ-საგამოძიებო მუშაობის შედეგად, ფესტივალის დაწყებიდან პირველივე დღეს ირანის ორი და საქართველოს ორი მოქალაქე ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დაკავებული არიან ირანის მოქალაქეები: 1984 წელს დაბადებული ა.ქ. და 1995 წელს დაბადებული ირანის ს.ა, ასევე საქართველოს მოქალაქეები: 1985 წელს დაბადებული ი.კ. და1980 წელს დაბადებული ბ.კ.
სამართალდამცველების მიერ დაკავებულ პირთა ჩხრეკისას სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად იქნა ამოღებული, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.