ანაკლიაში ფესტივალი „ექოვეივსი" 22-დან 25 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება
ანაკლიაში ფესტივალი „ექოვეივსი” (Echowave) 22-დან 25 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზატორებმა ფესტივალის პროგრამის მეორე ნაწილი წარადგინეს და ის შემსრულებლები დაასახელეს, რომლებიც წელს ანაკლიას ეწვევიან.
„ექოვეივსი” ელექტრონული მუსიკის ფესტივალია, რომელმაც 2018 წლის აგვისტოში დაიდო ბინა შავი ზღვის სანაპიროზე – კურორტ ანაკლიაში.
ფესტივალმა გასულ წელს წარმატებული სტარტი აიღო და 150-მდე დიჯეის და 10 000-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლა. პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რომ ის მალევე გახდა ცნობილი მასშტაბურობითა და დადებითი შეფასებებით როგორც რეგიონში, ასევე ევროპულ ქვეყნებში და 2018 წლის საუკეთესო ახალი ფესტივალის ნომინაციის სიაშიც აღმოჩნდა, მოხვდა საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში და 27 000 000-მდე უცხოელს გააცნო საქართველო.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ფესტივალის მიზანია რეგიონისთვის დახმარების გაწევა კულტური და ეკონომიკური დონის განვითარების თვალსაზრისით და ტურისტებისთვის მიმზიდველი ღონისძიების ჩატარება. მუსიკის გარდა ფესტივალი მოიცავს სპორტს, ფიზიკურ აქტივობებს და სხვა თეატრალურ, კულტურულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს.