„ანადოლუ” - გერმანიაში თურქი ჟურნალისტების დაკავების გამო გერმანიის ელჩი თურქეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს
გერმანიაში თურქი ჟურნალისტების დაკავების გამო თურქეთში გერმანიის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, – ინფორმაციას თურქეთის სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ” ავრცელებს.
მათი ცნობით, დღეს გერმანიის პოლიცია შევიდა გამოცემა „დეილი საბაჰის” თურქულენოვანი ბიუროს ოფისში. ფრანკფურტში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ სამართალდამცველებმა ორი ჟურნალისტი დააპატიმრეს.
მათი ადვოკატის ცნობით, „ჟურნალისტების დაკავება ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის მიმდევართა საჩივრის საფუძველზე მოხდა”.
„ანადოლუს“ ინფორმაციით, ოფიციალური ანკარა მკაცრად გმობს ჟურნალისტების დაკავებას და მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის ხელისუფლება აშშ-ში მცხოვრებ ფეთჰულა გიულენს და მის მხარდამჭერებს 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში სდებს ბრალს.