ანა წითლიძე - ყველაფრის მიუხედავად, რაც საქართველოს მთავრობამ გააკეთა ან გააკეთებს ევროპული გზის დასაზიანებლად, ჩემი ქვეყანა და ხალხი იმსახურებს, გახდეს ევროკავშირის წევრი
ყველაფრის მიუხედავად, რაც საქართველოს მთავრობამ გააკეთა ან გააკეთებს საქართველოს ევროპული გზის დასაზიანებლად, ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხი იმსახურებს, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
წითლიძის თქმით, საქართველომ კარგად იცის, რას ნიშნავს რუსული ოკუპაცია.
„მე გახლავართ ანა წითლიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომელიც დააფუძნა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა. ის ახლა ციხეშია, რომელიც დააპატიმრა საქართველოს პრორუსულმა მთავრობამ. პიროვნება, რომელმაც ყველაზე მეტი გააკეთა საქართველოს ევროპული მომავლისთვის. დღეს მე მაქვს პატივი, ვისაუბრო მისი, მიხეილ სააკაშვილის სახელით, ასევე საქართველოს მოქალაქეების სახელით, რომელთა არჩევანი არის ევროპა. მთელი ჩვენი ისტორია არის თავისუფლებისთვის მებრძოლების ისტორია. ჩვენ კარგად ვიცით, რას ნიშნავს რუსული ოკუპაცია. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენ გვქონდა ომი 2008 წელს და რუსეთის ეს ომი საქართველოს წინააღმდეგ იყო გამაფრთხილებელი სიგნალი ევროპისთვის, რომ საქართველო არ იქნებოდა ბოლო რუსეთის აგრესიისთვის. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის და უკრაინელების გმირული ბრძოლის შემდეგ გაჩენილ გეოპოლიტიკურ შესაძლებლობებს ჩემი ქვეყანა საუკუნეების განმავლობაში ელოდებოდა. თაობები შეეწირა ამას. ყველაფრის მიუხედავად, რაც მთავრობამ გააკეთა ან გააკეთებს საქართველოს ევროპული გზის დასაზიანებლად, ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხი იმსახურებს, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა წითლიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები რუსული პროპაგანდის მსგავსია, რომ ევროკავშირს სურს ომი საქართველოში“.
„რამდენიმე კვირის წინ რუსთაველზე შეკრებილმა ქართველებმა დაიცვეს ევროპული მომავალი რუსული კანონის წინააღმდეგ. ათასობით ქართველი შეიკრიბა უკრაინის მხარდასაჭერად. 2012 წლამდე საქართველო იყო ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის და შეუძლებელი იყო იმის დანახვა, რომ 11 წლის შემდეგ საქართველოს მთავრობის განცხადება იქნებოდა ასეთი ანტიევროპული და რუსული პროპაგანდის მსგავსი. რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ რაც ახლა ხდება უკრაინაში, ხდება იმიტომ, რომ უკრაინის სურს ნატო-ში გაწევრიანება. „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები რუსული პროპაგანდის მსგავსია, რომ ევროკავშირს სურს ომი საქართველოში, სურს მეორე ფრონტი. და რაც ჩვენ მივიღეთ საქართველოში, არის ოლიგარქიული სისტემა, კორუფცია, პოლიტიკური პატიმრები. ჩვენ არ გვაქვს თავისუფალი სასამართლო სისტემა, არ გვაქვს თავისუფალი არჩევნები და ეს ყველაფერი პრობლემურია ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი ქვეყნის განვითარებისთვის. ყველაფრის მიუხედავად, რაც ვთქვი, ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მიღებას, რადგან საქართველოს სჭირდება ევროკავშირი და ევროკავშირის ასევე სჭირდება ძლიერი დემოკრატიული საქართველო“, – განაცხადა წითლიძემ.