ანა წითლიძე - უნდა დასრულდეს პოლიტიკური ანგარიშსწორება, შურისძიება და ზიზღი, პოლარიზების დასრულების მთავარი ბერკეტი აქვთ საქართველოს ხელისუფლებას და პრეზიდენტს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, მოშიმშილე დეპუტატებს აქვთ უცვლელი მოთხოვნა, რომ გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ.
„მინდა, აქედან მხნეობა ვუსურვო საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს. შიმშილობის მეხუთე დღესაც ჩვენი მოთხოვნა რჩება უცვლელი – გადაიყვანონ პრეზიდენტი სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ, რომ გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე. ჩვენი მოთხოვნა არის უცვლელი, რომ გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე“, – აღნიშნა ანა წითლიძემ.
მისივე თქმით, ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის უნდა დასრულდეს პოლიტიკური ანგარიშსწორება, შურისძიება და ზიზღი, პოლარიზების შემცირების მთავარი ბერკეტი კი აქვთ საქართველოს ხელისუფლებას და საქართველოს პრეზიდენტს.
„კარგია, როდესაც პრეზიდენტი საუბრობს პოლარიზების შემცირებაზე. მაშინ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ 12 სავალდებულო პუნქტიდან ყველაზე მნიშვნელოვანი არის სწორედ პოლარიზების შემცირება. პოლარიზების შემცირების მთავარი ბერკეტი კი აქვთ საქართველოს ხელისუფლებას და საქართველოს პრეზიდენტს. პოლარიზაციის შემცირების საუკეთესო მაგალითი იქნება, რომ არ მოკლან ციხეში ადამიანი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელსაც, გაყალბებული არჩევნებითაც კი, ამ ქვეყანაში ჰყავს 600 ათასი ამომრჩეველი. ამიტომაც დღეს ჩემი მიმართვის ადრესატები იქნებიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ ბერკეტი, რომ ამ ქვეყანაში დაასრულონ პოლიტიკური ანგარიშსწორება, ზიზღი, შური და ბოღმა – ეს არის ხელისუფლება. პოლიტიკური ანგარიშსწორების ერთ-ერთი ფაქტი არის ისიც, რომ გვერდით მიდგას მოშიმშილე ადამიანი – გენერალი ჯანაშია, რომელიც, ათი წელია, პოლიტიკურად იდევნება ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ იმიტომ, რომ ის ასრულებდა უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებებს. თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ გვინდა ამ ქვეყნის უკეთესი მომავალი, თუ გვინდა ამ ქვეყნის ევროპული მომავალი, მაშინ ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს პოლიტიკური ანგარიშსწორება, შურისძიება და ზიზღი, რადგან შურისძიებას, ზიზღს, ბოღმას და პოლიტიკურ ანგარიშსწორებას არასოდეს არავინ მიუყვანია კარგ ამბამდე, არ მიიყვანს არც ახლა. როდესაც ჩვენ გვთხოვენ პოლარიზების დასრულებას, ამაზე პასუხი შეგვიძლია, გვქონდეს მხოლოდ ის, რომ ჩვენ, ოპოზიციას, პოლარიზების დასრულების არანაირი ბერკეტი არ გვაქვს. ამის მთავარი ბერკეტი აქვთ საქართველოს ხელისუფლებას და პრეზიდენტს, რომელსაც შეუძლია, ამას წერტილი დაუსვას. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, რათა გადავარჩინოთ პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე“, – განაცხადა ანა წითლიძემ.