ანა წითლიძე - საქართველოს მოქალაქეები ბოლომდე ვიბრძოლებთ საქართველოს ევროპული მომავლისთვის, არ დავიღლებით, ვიდრე საქართველო არ გაიმარჯვებს
საქართველოს მოქალაქეები ბოლომდე ვიბრძოლებთ საქართველოს ევროპული მომავლისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა ანა წითლიძემ განაცხადა.
„ყველას, ვისაც ხელში გიჭირავთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშა, მინდა, გთხოვოთ, რომ აწიოთ ძალიან მაღლა. ასე უნდა იფრიალოს ორივე დროშამ, უნდა იფრიალოს ამაყად და რაც არ უნდა გააკეთოს „რუსულმა ოცნებამ“, უნდა იცოდეს, რომ საქართველოს მოქალაქეები ბოლომდე ვიბრძოლებთ საქართველოს ევროპული მომავლისთვის. როდესაც საპროტესტო აქციების გამო რუსული კანონის გაწვევა მოუწიათ, ძალიან ბევრს გულწრფელად სჯეროდა, რომ მეორედ ვერ გაბედავდნენ კანონის დაბრუნებას. ძალიან ბევრ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორსაც ასე სჯეროდა, მაგრამ გაბედეს. გაბედეს იმიტომ, რომ არიან რუსები, გაბედეს იმიტომ, რომ „რუსულმა ოცნებამ“, ძალიან დიდი ხანია, თანამდებობებში, ფულში გაცვალა საქართველოს თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი. ამიტომ გაბედავენ მანამ, ვიდრე არ ნახავენ ჩვენს წინააღმდეგობას, რადგან, „რუსული ოცნებისგან“ განსხვავებით, ჩვენ ვკარგავთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასა და ევროპულ მომავალს“, – აღნიშნა ანა წითლიძემ.
მისი თქმით, 2013 წელს ძალიან ცოტა ადამიანს სჯეროდა, რომ ხელისუფლება იყო რუსული.
„ძალიან მიხარია, რომ დღეს საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა არის ერთიანი და აცნობიერებს, რომ „არა რუსულ კანონს“ ნიშნავს არა რუსულ ხელისუფლებას! ვიდრე ჩვენ არ მივაღწევთ საბოლოო მიზნამდე და არ მოვაშორებთ „რუსულ ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ყოველთვის ექნება მათი მხრიდან დაბრკოლებები. ძალიან დიდი ხანია, ეს ბრძოლა გასცდა პოლიტიკურ პარტიებს შორის ბრძოლას და გახდა საქართველოს თითოეული მოქალაქის ბრძოლა. შემთხვევითი არ არის, რომ „რუსული ოცნებისა“ და ოლიგარქ ივანიშვილის პირველი სამიზნე არის მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ყველაზე მეტი გააკეთა ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. „რუსულ ოცნებას“ ჰგონია, რომ ყველაფრის ყიდვა შეუძლია ფულით. ჰგონიათ, რომ ქართველები არიან ისეთი უთავმოყვარეოები, რომ ფულს გადაუხდის და აუცილებლად იყიდის. „რუსულ ოცნებას“ უნდა, რომ დაგვყოს, ერთმანეთს დაგვაპირისპიროს, დაღალოს ის ახალგაზრდები, რომლებიც ახლა რუსთაველზე იცავენ საქართველოს ევროპულ მომავალს. ამ ყველაფერს ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ ერთიანობა, სიმტკიცე, სიჯიუტე და არ უნდა დავიღალოთ. არ უნდა დავიღალოთ საქართველოს გამარჯვებამდე და მანამდე, ვიდრე „რუსულ ოცნებას“ ამ ქვეყანაში ყველა ერთად არ დავასრულებთ“, – განაცხადა ანა წითლიძემ.