ანა წითლიძე - საპარლამენტო სიის ხათრით, კიდევ ერთი უძღები შვილი ბრუნდება დღეს პარტიაში ხატია დეკანოიძის სახით, ყველაფრის შეზელვის დიდოსტატი
საპარლამენტო სიის ხათრით, კიდევ ერთი უძღები შვილი ბრუნდება დღეს პარტიაში ხატია დეკანოიძის სახით, ყველაფრის შეზელვის დიდოსტატი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.
ანა წითლიძე ხატია დეკანოიძეს მიმართავს, რა შეიცვალა ახლა, როცა პარტიაში ბრუნდება?
„რაც შენ პარტია უსამართლოდ აჯანჯღარე, რაც შენ იკადრე, რა ტყუილებიც შენ ავრცელე ეთერებში. ახლა რა შეიცვალა, უკან რომ ბრუნდები, ხატია? კეზერაშვილი არ არის პარტიაში? თუ ხაბე არ არის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე? თუ „ოლიგარქები“ არ მართავენ პარტიას? რომელი ერთი ფაქტორი შეიცვალა? შენი მობრუნება ამ ყველაფრის აღიარებაა, რომ ტყუოდი და მიზანი მხოლოდ შენი ამბიციები იყო. „ახლებში“ არ მიგიღეს? გამსვლელ სიაში შენნაირი ბევრი მყავს და შენ ვის დაკარგვიხარო? დიდი ხანია, ეთერებში არ ჰყვები, ბელადომანია უნდა დასრულდეს პარტიაშიო?
ერთობის კი არა, საპარლამენტო სიის ხათრით იზელ ახლა ამ ყველაფერს, მიხვდი, რომ სხვაგან არსად არ დასჭირდით, შანსი არ გაქვს და აგერ, ჩვენც მიგიღებთ, მერე რა, რომ ყველამ იცის ყველაფერი. მაგრამ რა ნომერზეც არ უნდა ივაჭრო, სიაში შენი ავტორიტეტი ენმ-ს ამომრჩეველში არის ნული. ვისაც არ უნდა წერო წერილები ციხეში, ვერავინ ვერასოდეს ვერ დამიშლის შენზე სიმართლის თქმას, თუნდაც იმიტომ, რომ, ვინ-ვინ და, პარტიისთვის ურთულეს დროს შენ არ უნდა აჰყოლოდი ამბიციებს, როდესაც ამდენს გთხოვდი, ეგ სისულელე არ გექნა, და ზუსტად ვიცოდი, როგორც დაასრულებდი.
მობრუნებას გილოცავ, ხატია. ჩვენ მხოლოდ გვიხარია, რომ მართლები ჩვენ აღმოვჩნდით და შენ მაინც მობრუნებამ მოგიწია“, – წერს ანა წითლიძე.