ანა წითლიძე - სააკაშვილი გლობალური პოლიტიკოსია და ზუსტად ხვდება ხოლმე, რა მოცემულობის წინაშე დგას დღეს არა მხოლოდ საქართველო და კავკასია, არამედ მთელი მსოფლიო
სააკაშვილი გლობალური პოლიტიკოსია და ზუსტად ხვდება ხოლმე, რა მოცემულობის წინაშე დგას დღეს არა მხოლოდ საქართველო და კავკასია, არამედ მთელი მსოფლიო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „რუსეთი არის ჩვეულებრივი ბანანის რესპუბლიკა, რომელიც აუცილებლად ძალიან მალე ჩამოიშლება“.
„ის, რაც ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ რუსეთში, სამხედრო ამბოხების მცდელობა, როგორც არ უნდა დასრულებულიყო, ნათელი მაგალითია იმისა, რომ რუსეთის უძლეველობის მითი არ არსებობს და რუსეთი არის ჩვეულებრივი ბანანის რესპუბლიკა, რომელიც აუცილებლად ძალიან მალე ჩამოიშლება. ეს რამდენიმე დღის წინ განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა. მთელ ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამხრეთ კავკასიის და ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნებს ჰქონდეთ თავიანთი გამოხატული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, როგორი უნდა იყოს შემდგომი ნაბიჯები, როდესაც რუსეთი ჩამოიშლება. მე დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი ჩამოიშლება, რადგან კავკასიის ხალხი ყოველთვის იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის და მათთვის ყოველთვის მთავარი მტერი რუსეთი იყო“, – განაცხადა წითლიძემ.