ანა წითლიძე - რა შუაშია ჭიაბერაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებთან, მან ხმაურიანი განცხადებით დატოვა პარტია და მაშინ დიდი როლი შეასრულა „ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტებაში
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, ზურაბ ჭიაბერაშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ ექვსი წლის წინ ხმაურიანი განცხადებით დატოვა და მაშინ დიდი როლი შეასრულა პარტიის დასუსტებაში.
წითლიძის თქმით, გაუგებარია ახლა მისი პოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით.
„გაუგებარია, რა შუაშია ზურაბ ჭიაბერაშვილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებთან. ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარტია დატოვა ექვსი წლის წინ, საკმაოდ ხმაურიანი განცხადებით და მაშინ ძალიან დიდი როლი შეასრულა „ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტებაში. შესაბამისად, გაუგებარია ახლა მისი პოზიცია. მეორე, ვისურვებდი, ბატონი ჭიაბერაშვილი ვიდრე ამას ასე გააჟღერებდა და ტელევიზიით გაგვაგებინებდა პარტიის წევრებს, მხარდამჭერებსა და ამომრჩევლებს, იქნებ ჯერ პარტიაში მოსულიყო, ეღიარებინა, რომ 2016 წელს ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, პარტიიდან რომ წავიდა, პარტიის წევრთა აზრი მოესმინა. დარწმუნებული ვარ, პარტიის წევრების აზრი რომ მოესმინა, მაშინ თავშიც არ გაივლებდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას“, – აღნიშნა ანა წითლიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი არ გამორიცხავს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.
ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ არჩევნებში მის შესაძლო მონაწილეობაზე ფიქრი რამდენიმე საკითხს უკავშირდება, მათ შორისაა ის, როგორ იმოქმედოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ორგანიზებულად სააკაშვილის, ნიკა გვარამიასა და სხვა პირთა გასათავისუფლებლად და როგორ იქცეს „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი, ფართომასშტაბიანი საპროტესტო მოძრაობის საყრდენად.
ზურაბ ჭიაბერაშვილის განმარტებით, მისი საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზეც, „რამდენად არსებობს რესურსი, რომ საარჩევნო პროცესი წარიმართოს პოლიტიკური დისკუსიის და არა „ტალახის სროლის“ რეჟიმში“.