ანა წითლიძე - ნიკა მაჭუტაძემ ხმის მიცემა დაადასტურა, ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ არ ახსოვს, ნატო და როსტომ ჩხეიძეებთან და დილარ ხაბულიანთან ვცდილობთ კომუნიკაციას
ანა წითლიძე - ნიკა მაჭუტაძემ ხმის მიცემა დაადასტურა, ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ არ ახსოვს, ნატო და როსტომ ჩხეიძეებთან და დილარ ხაბულიანთან ვცდილობთ კომუნიკაციას

ბაჩუკი ქარდავასთან კომუნიკაცია მქონდა, რომელმაც მითხრა, რომ არ ახსოვს, ხმა მისცა თუ არა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, რაც არასერიოზული არგუმენტი მგონია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

როგორც ანა წითლიძემ აღნიშნა, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში შედის, რომ გაირკვეს, ვინ არიან ეს ადამიანები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს იუსტიციის უმღლესი საბჭოს წევრებს.

„ეს ადამიანები არ არიან პარტია „ერთიანი ნაციონალირი მოძრაობის“ წევრები. ეს ადამიანები არიან ფრაქციის წევრები და ფრაქციაში ბევრი შემავალი ბლოკი იყო. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში შედის, რომ გაირკვეს, ვინ არიან ეს ადამიანები სახელებით და გვარებით. ერთი ადამიანი ვიცით, ვინც დაადასტურა და ვინც ვნახეთ, რომ ხმას აძლევდა. ეს არის ნიკა მაჭუტაძე. თუმცა მისი არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რატომ აძლევდა ხმას, აბსოლუტურად გაუგებარია. ვინ არიან ეს ადამიანები, ჩვენ ჩვენი ვერსია გვაქვს და ამას ბოლომდე გავარკვევთ. მაგრამ ამ ადამიანებმა უნდა გასცენ მთავარ კითხვას პასუხი, რატომ მიიღეს მონაწილეობა, რომ დღეს, ფაქტობრივად, მისცეს შესაძლებლობა უმრავლესობას, აერჩიათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები. მაშინ როდესაც თუ არ ექნებოდათ ხმა ოპოზიციიდან, შესაძლებელი იყო, ეს კანდიდატები არ გასულიყვნენ საბჭოს წევრებად. მოვუწოდებ, ეს ადამიანები გამოვიდნენ და თქვან, ამის საფუძველი რა იყო. ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც დადასტურდება ამ ადამიანების სახელები და გვარები, მე მათ ადგილს ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ვერ ვხედავ. ფრაქცია ამაზე იმსჯელებს.

ბაჩუკი ქარდავასთან თუ გექნებათ კომუნიკაცია, ძალიან კარგი იქნება, მე არ ვაპირებ, დავმალო. ჩემთვის ეს პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ჩვენ რუსულ ოცნებას ვებრძვით და მნიშვნელოვანია, ვიყოთ მკაფიოები. ჩემი ოჯახის წევრი რომ იყოს ბაჩუკი ქარდავას და ნიკა მაჭუტაძის ადილზე, რომელთანაც ვმეგობრობ, იგივე პოზიცია მექნება. ბაჩუკი ქარდავასთან მე კომუნიკაცია მქონდა, რომელმაც მითხრა, რომ არ ახსოვს, ხმა მისცა თუ არა ამ კანდიდატებს. რაც არასერიოზული არგუმენტი მგონია. გაიხსენოს ბატონმა ბაჩუკი ქარდავამ, მისცა თუ არ მისცა ხმა კანდიდატებს“, – განაცხადა წითლიძემ.

კითხვაზე, ნატო და როსტომ ჩხეიძეები და ასევე დილარ ხაბულიანი არიან თუ არა ის ადამიანები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, ანა წითლიძემ აღნიშნა, ე.წ. ეჭვმიტანილებზე ვერ ილაპარაკებს.

„ცხადია, ინფორმაცია გვაქვს და ამ ადამიანებთან კომუნიკაციას ველოდებით. ვცდილობთ კომუნიკაციას, ჯერჯერობით კომუნიკაციაზე არ გამოდიან. როცა გამოვლენ კონტაქტზე, მათგან არგუმენტებს მოვისმენთ“, – განაცხადა წითლიძემ.

პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია, დარჩენილ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად კი კენჭისყრა ხელახლა გაიმართება. პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ხუთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად, საერთო ჯამში, 29 კანდიდატს უყარა კენჭი. ხმათა საჭირო რაოდენობა მიიღო ტრისტან ბენაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი), გიორგი გზობავამ (91 მომხრე, ნული წინააღმდეგი) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი). იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ასარჩევად, სულ მცირე, 90 ხმა იყო საჭირო. შესაბამისად, საბჭოს წევრების ასარჩევად საჭირო იყო როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის ხმები. კენჭისყრა ფარული იყო, აქედან გამომდინარე, უცნობია, რომელმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი არჩეულ კანდიდატებს.

ამჟამად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი წევრის ვაკანტური ადგილია დარჩენილი. ოთხ კანდიდატს, რომლებმაც სხვებთან შედარებით მეტი ხმა მიიღეს, მეორე ტურში უყრიან კენჭს.