ანა წითლიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის სახელებსა და გვარებზე ჩამოკიდებული პარტია, როცა არაფერი გინდა, მაშინ ვერანაირი შეთავაზება ვერ უზრუნველყოფს ერთიანობას
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის წევრებისა და ბათუმის საკრებულოში ფრაქციის დეპუტატების პარტიიდან წასვლის შესახებ აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ასეთი რამ პირველი არ არის.
ანა წითლიძის თქმით, 11-წლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცოცხალი ორგანიზმია.
„ადამიანები მიდიან, მაგრამ ძალიან ბევრი ახალი ადამიანი მოდის. ყველა წასულს წარმატებას ვუსურვებ. დრო გამოაჩენს, რამდენად სწორი იყო ამ ადამიანების გადაწყვეტილება პარტიიდან წასვლის შესახებ. არ მგონია, რომ აჭარაში ეს წასულები, მიუხედავად მათი დიდი წვლილისა, ყოფილიყვნენ მთავარი ფაქტორი იმ შედეგის, რაც ბათუმსა და აჭარაში იდება. „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის სახელებსა და გვარებზე ჩამოკიდებული პარტია. „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ამომრჩევლების პარტიაა. 2016 წელს ძლიერი ფრთა კი არა, საერთოდ 21 დეპუტატი და 21 ლიდერი წავიდა „ნაციონალური მოძრაობიდან“, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, ეს ადამიანები ახლა სად არიან, როგორი იყო მათი პროცენტული მაჩვენებელი და როგორია „ნაციონალური მოძრაობის“ პროცენტული მაჩვენებელი. ამას საკუთარ თავში თვითონ უნდა გასცენ პასუხი. როდესაც არ გინდა არაფერი, მაშინ ვერანაირი შეთავაზება ვერ უზრუნველყოფს ერთიანობას. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა“, – აღნიშნა ანა წითლიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის წევრებმა, გიორგი კირთაძემ და მირდატ ქამადაძემ პარტია დატოვეს. „ნაციონალური მოძრაობა“ ასევე დატოვა ბათუმის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ შვიდმა დეპუტატმა. „ნაციონალური მოძრაობის“ უკვე ყოფილი წევრები აცხადებენ, რომ პოლიტიკურ საქმიანობას და ბრძოლას ახალ პლატფორმაზე გააგრძელებენ, თუმცა მათ ახალი ორგანიზაციის შექმნასა და ნიკა მელიასთან თანამშრომლობის თაობაზე არ უსაუბრიათ.