ანა წითლიძე - კრიტიკას ვერ უძლებს ოპოზიციური ერთობის მთავარი ინიციატორების განცხადებები, რომ მხოლოდ პოლარიზებით შესაძლებელია „ქართული ოცნების“ დამარცხება
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ანა წითლიძის თქმით, არასწორია ოპოზიციური ერთობის ინიციატორების განცხადებები, რომ მხოლოდ პოლარიზებით შესაძლებელია „ქართული ოცნების“ დამარცხება.
წითლიძის თქმით, ზურაბ ჯაფარიძე ორი წლის წინ პირიქით ამბობდა, რომ თუ რამე აძლიერებდა „ქართულ ოცნებას“, ეს იყო პოლარიზება.
„თქვენ რომ უსმენდეთ ამ ერთობის მთავარი ინიციატორების, მაგალითად, ზურა ჯაფარიძის განცხადებას, რომელიც ორი წლის წინ ძალიან ცხადად ამბობდა, რომ „ქართულ ოცნებას“ თუ რამე აძლიერებს, ეს არის პოლარიზება. ამბობდნენ, რომ არის მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ და ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს უფრო მრავალფეროვანი შესაძლებლობა, არჩევანი. აბსოლუტურად ვეთანხმები და პარტიიდან წასვლის მთავარი მიზეზი სწორედ ეს იყო. რა შეიცვალა ახლა, როდესაც საუბარია, რომ მხოლოდ პოლარიზებით შესაძლებელია „ქართული ოცნების“ დამარცხება, მიმაჩნია, რომ არ არის სწორი და კრიტიკას ვერ უძლებს“, – აღნიშნა ანა წითლიძემ.
მისივე განმარტებით, მცირე პარტიების მიზანი საერთო სია და ამ სიაში მოხვედრა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხმების სადღაც გასვლა კიარ უნდა იყოს, არამედ მათი მიზანი უნდა იყოს თავიანთი ამომრჩევლის გაზრდა.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა პროდასავლურ ძალას აუცილებლად უნდა ჰქონდეს კოორდინაცია და მნიშვნელოვანია, საჭიროა, საერთო დღის წესრიგზე ვიმუშაოთ, მაგრამ ტექნიკური საკითხები, როგორიც არის სია და საერთო პრემიერობის კანდიდატი, მიმაჩნია, ეს არ არის სწორი. ჩვენ ვნახეთ ამ ერთობის შედეგი და ამის გამოცდილებაც გვაქვს. ქვეყნის დემოკრატიას სჭირდება, რაც შეიძლება მეტი პარტია იყოს და პირიქით, ვგულშემატკივრობთ პატარა პარტიებს, რომ გაიზარდონ. პატარა პარტიების მიზანი საერთო სია კიარ უნდა იყოს და საერთო სიაში მოხვედრა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხმების სადღაც გასვლა, მათი მიზანი უნდა იყოს, გაზარდონ თავიანთი ამომრჩეველი, პირიქით, მეტი ამომრჩეველი მოიპოვონ და არ ეშინოდეთ 5-პროცენტიანი ბარიერის. ეს არის რეალურად, რაც რუსულ ოცნებას დააზიანებს“, – აღნიშნა ანა წითლიძემ.