ანა წითლიძე - კონსტიტუციური ჩარჩოები ითვალისწინებს საპროტესტო აქციებს, ევროპულ მომავალს როცა გართმევენ, ერთადერთი გამოსავალია, ვიბრძოლოთ ქუჩაში
ანა წითლიძე - კონსტიტუციური ჩარჩოები ითვალისწინებს საპროტესტო აქციებს, ევროპულ მომავალს როცა გართმევენ, ერთადერთი გამოსავალია, ვიბრძოლოთ ქუჩაში

ქვეყანას და ევროპულ მომავალს როცა გართმევენ, მონობისთვის გწირავენ, ერთადერთი გამოსავალი რჩება, თავგანწირვით ვიბრძოლოთ ქუჩაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანი წითლიძემ გივი თარგამაძის განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.

ანი წითლიძის თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა მშვიდად, მაგრამ მძლავრი საპროტესტო აქციებით უნდა უპასუხოს ხელისუფლებას.

„გივი თარგამაძის განცხადება არ მომისმენია, მაგრამ ერთ რამეში შემიძლია, დავეთანხმო, ეს ხელისუფლება არ წავა. ჩვენ არ ვსაუბრობთ ხელისუფლებაზე, რომელიც დემოკრატიულია და  ამ ქვეყნიდან წავა მშვიდად, წყნარად, არჩევნებით. ეს ხელისუფლება წავა მაშინ, როცა ნახავს იმავეს, რაც იყო 7-8 მარტის მოვლენების დროს. საქართველოს მოქალაქეებმა იბრძოლეს  ევროპული მომავლის დასაცავად კონსტიტუციურ ჩარჩოებში. კონსტიტუციური ჩარჩოები ასევე ითვალისწინებს საპროტესტო აქციებს და ბრძოლას საკუთარი თავისუფლებისთვის, ქვეყნის თავისუფლების, ევროპული მომავლისთვის. ვინმეს თუ უნდა ამ ქვეყანაში ომი, ეს „ქართული ოცნებაა“, თუ ვინმეს უნდა, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება და თავისუფალი საქართველო არ არსებობდეს, ეს არის „ქართული ოცნება“ და მისი ნაბიჯები. საქართველოს მოქალაქეებმა მშვიდად, წყნარად, მაგრამ მძლავრი საპროტესტო აქციებით უნდა უპასუხონ. ამისთვის ყველა უნდა მოვემზადოთ. როცა არ უნდა დაინიშნოს არჩევნები, „ქართული ოცნება“ ყველაფერს იზამს ძალაუფლების შესანარჩუნებლად და საქართველოს მოქალაქეები, ოპოზიციაც უნდა ვიყოთ ფორმაში, რათა არ მივცეთ საშუალება, ჩვენი ქვეყნის მომავალი წაგვართვას. ქვეყანას და ევროპულ მომავალს როცა გართმევენ, მონობისთვის გწირავენ, როცა ხელისუფლება ყრუ და მოღალატეა, პირდაპირ არის გარიგებული ტერორისტულ სახელმწიფოსთან, რუსეთთან, მაშინ რჩება ერთადერთი გამოსავალი, თავგანწირვით ვიბრძოლოთ ქუჩაში, რათა „რუსული ოცნება“ აღარ იყოს ხელისუფლებაში“, – განაცხადა ანი წითლიძემ.

გივი თარგამაძემ გუშინ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა: „ამათი იარაღით გადაგდება რომ გვდომოდა, ორიათასჯერ გავაკეთებდით, მაგრამ ქვეყანას ვუფრთხილდებით“. თარგამაძის თქმით, ქვეყანა რომ გადარჩეს, ყველაფერი უნდა გააკეთონ, მათ შორის, მისაღებია მწვავე პროტესტიც. ამასთან, გივი თარგამაძემ აღნიშნა: „მარტის პროტესტის დროს, როცა ჩვენთან პოლიციის მანქანის დაწვაზე იყო საუბარი, ნახევარი პარიზი გადაწვეს, რაშიც არაფერია საშინელი“. მისივე თქმით, მატრაკვეცული მიტინგები შედეგს არ მოიტანს.