ანა წითლიძე - გავაგრძელებთ შიმშილობას, ვიდრე არ შესრულდება მთავარი მოთხოვნა, მადლობას ვუხდი ყველას, ვინც სხვადასხვა ფორმით აქტიურობს, რათა გადაარჩინოს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე
ანა წითლიძე - გავაგრძელებთ შიმშილობას, ვიდრე არ შესრულდება მთავარი მოთხოვნა, მადლობას ვუხდი ყველას, ვინც სხვადასხვა ფორმით აქტიურობს, რათა გადაარჩინოს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც სხვადასხვა ფორმით აქტიურობს და ყველაფერს აკეთებს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად.

წითლიძის თქმით, აქტიურობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან ბრძოლას მოაქვს საბოლოო გამარჯვება.

„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მთელი ამ დღეების განმავლობაში სხვადასხვა ფორმით აქტიურობს და ყველაფერს აკეთებს, რათა გადაარჩინოს პრეზიდენტის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. მინდა, მადლობა გადავუხადო იმ მწერლებს, მთარგმნელებს, რომლებმაც გაავრცელეს სპეციალური განცხადება და მოითხოვეს მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა, რათა გადარჩეს მისი სიცოცხლე. მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც სხვადასხვა ფორმით აორგანიზებს საპროტესტო აქციებს და დღესაც არის მსგავსი საპროტესტო აქცია ბიძინა ივანიშვილის სახლთან. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს სხვადსხვა ფორმით აქტიურობს. ეს აქტიურობები არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან ყველა ქმედებას და ბრძოლას მოაქვს საბოლოო გამარჯვება“, – აღნიშნა ანა წითლიძემ და დასძინა, რომ შიმშილობას აგრძელებს.

„რაც შეეხება ჩვენს მდგომარეობას, მიმაჩნია, რომ ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩვენ პრინციპულად ვდგავართ იმავე პოზიციაზე, ვაგრძელებთ ჩვენს პროტესტს, შიმშილობას. შიმშილობის მეოთხე დღეა და გავაგრძელებთ, ვიდრე არ შესრულდება ჩვენი მთავარი მოთხოვნა, რომ გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ, რადგან არ შეიძლება, ვუყუროთ პრეზიდენტის მკვლელობას და ვიყოთ გულგრილი. ჩვენ არავის მოვუწოდებთ შიმშილობისკენ, გვესმის, რამდენად მძიმე არის პროტესტის ეს ფორმა. თავისი ბრძოლის ველი აქვს ყველას და მნიშვნელოვანია ყველა იმ ადამიანის ბრძოლა, რომელიც ახლა ქუჩაში ატარებს აქციებს, ვინც რაღაც ფორმით მაინც აქტიურობს, გამოხატავს პოზიციას. ამიტომაც არ არის აუცილებელი, ყველა დაჯდეს საშიმშილოდ, ყველას შეუძლია, აირჩიოს წინააღმდეგობის ის ფორმა, რომელსაც ჩათვლის, რომ მნიშვნელოვანია. მთავარია, მიზანი ერთია და ის ყველას გვაერთიანებს. მიზანი არის, რომ არ დავუშვათ მიხეილ სააკაშვილის ციხეში მკვლელობა“, – განაცხადა ანა წითლიძემ.