ანა წითლიძე - ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების მხოლოდ ორი კანონის გაუქმებაზე დაყვანა არ უნდა მოხდეს
ანა წითლიძე - ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების მხოლოდ ორი კანონის გაუქმებაზე დაყვანა არ უნდა მოხდეს

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ანა წითლიძე აცხადებს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების მხოლოდ ორი კანონის გაუქმებაზე დაყვანა არ უნდა მოხდეს.

ამ განცხადებით წითლიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, „გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონებთან დაკავშირებით მთავარია, წარიმართოს არგუმენტებზე დაფუძნებული დისკუსია და ასეთ შემთხვევაში მმართველი გუნდის მხრიდან იქნება სრული ღიაობა.

„ჩვენ ვიცით, როგორიც არის ივანიშვილის სტილი. მას ეხერხება რაღაც პრობლემის შექმნა, შემდეგ ამ პრობლემის მოგვარებაზე ივაჭრებს უფრო დიდი პრობლემის გადასაწყვეტად თავისთვის. ამიტომ მცდელობა, რომ დღეს ის პრობლემები, რაც ქვეყანას აქვს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, დაიყვანო მხოლოდ ორი კანონის გაუქმებაზე, არ არის ის, რაც ამ ქვეყანას უჩერებს ევროპულ მომავალს. დღეს პრობლემა არის ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მმართველობა, დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფა, ოლიგარქიული რეჟიმი, დიქტატურისკენ სწრაფვა, „ქართული ოცნების“ ხელში არსებული ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, სასამართლო, პროკურატურა და ა.შ., რაც განვითარების შესაძლებლობას არ აძლევს ამ ქვეყანას. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომლის შედეგადაც ამ ქვეყანაში იქნება დემოკრატიული ინსტიტუტები, ეს ქვეყანა გააგრძელებს დემოკრატიულ განვითარებას და ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას“, – განაცხადა ანა წითლიძემ.