ანა წითლიძე - ჩემი მოთხოვნები არ იცვლება, გადაარჩინონ სააკაშვილის სიცოცხლე, ვაგრძელებ შიმშილობას
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ანა წითლიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მისი მოთხოვნები უცვლელია და შიმშილობას აგრძელებს.
წითლიძის თქმით, ხელისუფლებამ უნდა იფიქროს ისტორიულ პასუხისმგებლობაზე.
„დღევანდელი გადმოსახედიდან, ზვიად გამსახურდიას ყველაზე სასტიკი მოწინააღმდეგეებისთვისაც კი, გამსახურდიას შეცნობა და რიტორიკა არ ღირდა იმად, რა ჯოჯოხეთიც გაიარა ქვეყანამ. ამიტომაც, ხელისუფლებამ უნდა იფიქროს ისტორიულ პასუხისმგებლობაზე, იმაზე, რომ რა სიძულვილშიც გვაცხოვრებენ და სააკაშვილის მიმართ ანგარიშსწორება არის ის, რისიც აუცილებლად შერცხვებათ. ჩემი მოთხოვნები არ იცვლება – გადაარჩინონ პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე, ვაგრძელებ პროტესტის ამ ფორმას“, – განაცხადა ანა წითლიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა – დავით კირკიტაძემ, ანა წითლიძემ და აბდულა ისმაილოვმა 15 დეკემბერს გამოაცხადეს შიმშილობა. მათ ასევე შეუერთდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თემურ ჯანაშია. მოგვიანებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ექიმების რეკომენდაციით შიმშილობა შეწყვიტეს აბდულა ისმაილოვმა, თემურ ჯანაშიამ და დავით კირკიტაძემ.