ანა წითლიძე - ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ინიციატივა მორიგი სისულელეა, ცვლილებების მიზანია, კიდევ უფრო შეზღუდონ პრეზიდენტის ინსტიტუტი
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანი წითლიძის განაცხადებით, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ინიციატივა რეალურად არაფერს ცვლის.
მისივე თქმით, ამ ინიციატივის მიზანია, კიდევ უფრო შეზღუდონ პრეზიდენტის ინსტიტუტი.
„„ქართული ოცნების“ ინიციატივა კიდევ ერთი მორიგი სისულელეა, რადგან რეალურად ეს არაფერს ცვლის. მოცემულობა იგივეა – „ქართულ ოცნებას“ 76 ხმის მობილიზება მარტივად შეუძლია. ამიტომ შინაარსობრივად არაფერს ცვლის. ეს იმისთვის სჭირდებათ, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან თავი გაიმართლონ, თუმცა პარტნიორები კანდიდატის სტატუსის გზაზე ამ ცვლილებებს უარყოფითად აფასებენ.
ამ ცვლილებების ერთადერთი მიზანია, კიდევ უფრო შეზღუდონ პრეზიდენტის ინსტიტუტი. დიდი ხანია, ცესკო და საოლქო საარჩევნო კომისიები პარტიული დანაყოფები არიან და მათ ობიექტურობასთან არანაირი საერთო არ აქვთ. „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ ეს ცვლილებები წინა ვერსიის უკეთესი ვარიანტია, მაგრამ, რეალურად, ბერკეტი ისევ ხელისუფლებას რჩება, რომელიც ერთპიროვნულად ცდილობს, ცესკო-ს თავმჯდომარე დანიშნოს. პარლამენტის თავმჯდომარე ლეგიტიმურ პირს საერთოდ არ წარმოადგენს, რომელსაც შეუძლია, კანდიდატურები წარმოადგინოს“, – განაცხადა ანი წითლიძემ.
მმართველი გუნდი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს აინიცირებს, რომელიც ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევას ეხება. კანონპროექტთან დაკავშირებით გუშინ უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ ისაუბრა. მისი განცხადებით, ნაცვლად 76 ხმისა, რომლითაც დღეს ხუთი წლის ვადით აირჩევიან ცესკო-ს თავმჯდომარე და წევრები, საჭირო იქნება 90 ხმა. თუმცა, მიქანაძის თქმით, თუ კანდიდატი 90 ხმას ვერ დააგროვებს, ორჯერ იქნება შესაძლებელი 76 ხმით კონკრეტული მხარდაჭერის მიღება. გივი მიქანაძის განმარტებით, პროექტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ 76 ხმით მხარდაჭერაც ვერ იქნა მოპოვებული, ეს საკითხი შემდგომი გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს პრეზიდენტს გადაეცემა.